ავტორი:

"შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზები საქართველოში მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, უკეთესი ცხოვრებისთვის გაიქცევიან" - გალის რაიონს ახალგაზრდები ტოვებენ: რას ამბობს ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი?

"შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზები საქართველოში მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, უკეთესი ცხოვრებისთვის გაიქცევიან" - გალის რაიონს ახალგაზრდები ტოვებენ: რას ამბობს ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი?

"გალის რაიონს ახალგაზრდები ტოვებენ, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ..." - ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია ამბობს.

მისივე თქმით, რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათ ნაწილს, თითქმის 1000 ადამიანს "აფხაზური პასპორტი" აქვს, 19 ათასზე მეტს კი, ე.წ ცხოვრების უფლების ცნობა.

ფილიას თქმით, 2022 წელს რაიონში სკოლა სულ 232 მოზარდმა დაამთავრა, მათგან მხოლოდ ორი აპირებს "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში" ჩააბაროს, ოთხი რუსეთში აგრძელებს სწავლას, დანარჩენი კი, უმაღლეს განათლებას საქართველოს სასწავლებლებში მიიღებენ.

მისი რადიოინტერვიუს ნაწყვეტს აფხაზური ინტერნეტგვერდი abkhaz-auto.ru ავრცელებს.

"გალის რაიონის მთავარი პრობლემა დოკუმენტაციაა. რა საჭიროა ამის გაკეთება? ვგულისხმობ მათ შევიწროებას. ის ბავშვები ჩვენები არიან, აქ, ჩვენს რაიონში დაიბადნენ და ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ. თუ ამ ახალგაზრდებს აფხაზეთში რეალიზაციის პერსპექტივას მივცემთ, ვეტყვით, რომ ჩვენები ხართ, ეს შენი სამშობლოა, მაშინ ისინი დაფიქრდებიან, სად გააგრძელონ ცხოვრება..." - ამბობს ფილია.

მისი თქმით, უამრავი ბავშვი, რომელიც რაიონში ცხოვრობს, ავტომატურად იღებს საქართველოს მოქალაქეობას, ისე, როგორც მათი მშობლები, თუ არ ჩავთვლით იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ისინი აფხაზეთის სასარგებლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე თავიანთი სურვილით უარს ამბობენ.

ფილია მიიჩნევს, რომ რაიონის მოსახლეობის "მოქალაქეობის საკითხის" მოსაგვარებლად, მთელი აფხაზური პოლიტელიტა უნდა გაერთიანდეს, რათა პრობლემის პოლიტიზირება კი არ მოხდეს, არამედ რეალური გეგმა შემუშავდეს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, "ხაჯიმბას ხელმძღვანელობამ" მიზანმიმართულად მოახდინა ამ თემის პოლიტიზირება, რათა "რუსი მოკავშირეების" გული მოეგო და ქართულ მხარეზე ზეწოლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, თორემ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობას მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია.

სხვების თქმით, სინამდვილეში, გალის მოსახლეობა აფხაზეთის წიაღში, რეგიონის მოსახლეობაში ინტეგრაციას არასდროს ცდილობდა, რადგან თავს ყოველთვის უცხოდ მიიჩნევდნენ.

"ახლა ამ თემას ნუ აქცევთ ტრაგედიად, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ვინც აფხაზეთის მოქალაქეა და თავს ჩვენიანად თვლის, დარჩეს, დანარჩენი თავის "ჯორჯიასა" და ევროპაში წავიდეს. ყველაფერი ძალიან მარტივია...", - წერს კომენტარებში ადგილობრივი იგორ ჩაჩხალია.

"ჩაჩხალიას ეტყობა, რომ ევროპა მართლა ის ჰგონია, რასაც ჩვენი მეგობარი კალაშნიკოვი და სხვები ამბობენ, სინამდვილეში ევროპა თავისუფლება, კანონის უზენაესობა და უფლებების დაცვაა. აფხაზებს კი, სწორედ იმიტომ უნდათ საქართველოს მოქალაქეობა, რომ ევროპული სიკეთეებით ისარგებლონ...

მხოლოდ გალიდან კი არა, სხვა რაიონებიდანაც მიდიან იქით ადამიანები, ჩვენი სულელური კანონების და უღმერთო კორუფციის გამო, მხოლოდ "გაის" გახსენება რად ღირს. გადახედეთ, რა რაოდენობის ნარკოდამოკიდებულები გარბიან იქით სამკურნალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთში არ დაიხოცონ... ახალგაზრდებს რეგიონში პერსპექტივა არ აქვთ, ამიტომ შორს არ არის იქამდე, როდესაც აფხაზები საქართველოში მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, უკეთესი ცხოვრებისთვის გაიქცევიან", - წერს სერგეი დუშკინი.

"ის, რომ ისინი უცხოდ გრძნობენ თავს, ჩვენი ხელისუფლების სულელური პოლიტიკის ბრალია. ოცდაათი წელია ეს ადამიანები ავად თუ კარგად, მაინც აფხაზეთში რჩებიან და ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ ინტეგრაციის მხრივ, განა ისინი არ გვიშვებენ, ჩვენ არ ვაჩვენებთ, რომ გვჭირდებიან. საკუთარ ენაზე სწავლა და ლაპარაკი აუკრძალეს ხაჯიმბამ და ნადარიამ, ავტომატით დასდევდნენ ქართულის მასწავლებლებს და თავი ჰუმანურებად მოგვაქვს, უცხოებად კი არა, მტრებად გვთვლიან სინამდვილეში", - წერს გარი გიცბა.