"შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე", - ფაშიზმთან ბრძოლას შეწირული ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ეს ლექსი თუ მისი მთელი ომისდროინდელი ლირიკა როგორ ესადაგება ჩვენს დღევანდელ განწყობებს, როდესაც ევროპის შუაგულში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მძვინვარებს.
გთავაზობთ სტატიას მარად 27 წლის ჭაბუკად დარჩენილ მირზა გელოვანზე, გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:
ერთ-ერთ მოგონებაში გაკრთა: ბავშვობაში მირზა გელოვანი ჯანსუსტი იყო, ამიტომ დედ-მამა, შინ რომ როგორმე დაეკავებინათ, ხშირად უამბობდნენ ლექსებსა და ზღაპრებსო. იქნებ სწორედ იმ დროიდან ისწავლა მოსმენა, თანაც, რაც ესმოდა, წარმოისახავდა ხოლმე. აი, მოდის მისი ბიძა - შაქრო გელოვანი, მოასხივებს შუქსა და სიკეთეს. იარაღ-ასხმულია, დროა ასეთი: საიდან გამოტყვრება ჩასაფრებული ტყვია, არავინ იცის. მოდის შაქრო და თავისი მამის, მღვდელ ოტია გელოვანის ლოცვა მოჰყვება: დაიფარე, სწორი და მართალი გზა მიეციო... ოტია ცაგერის რაიონიდან გადასულა თიანეთში საცხოვრებლად. როგორც მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ციცო გაბიდაურის მოგონებაში წერია, მას დიდ მოძღვრად მიიჩნევდნენ. ოტიას 7 შვილი ჰყოლია. ცნობა არც ერთი მათგანის შესახებ არ მოგვეპოვება, ცნობილია მხოლოდ მისი ერთი შვილის, მირზას ბიძის, შაქრო გელოვანის სახელი, რომელმაც მირზას თოფის სროლა ასწავლა და მონადირედ გამოზარდა. შაქრო ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა...
ჰოდა, იჯდა პატარა ბიჭი თიანეთის სიცივით შეჭირხლულ ფანჯარასთან და ოცნებაში თავადაც ჩოხა-ახალუხიანი, იარაღასხმული მისდევდა შაქრო ბიძიას ბილიკ-ბილიკ. იქნებ დედა ეხვეწებოდა კიდეც იმ წარმოსახვაში: არ წახვიდე, რეზო, საშიშიაო... დიახ, რეზო, რადგან მირზა გელოვანს რეზო ერქვა, მირზა მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო. რეზო კი მიდიოდა. უკან ღიმილით იხედებოდა და ძლიერ მარჯვენას მაღლა სწევდა, ხელში მოხდენილად ეჭირა იარაღი. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და მართლა წავიდოდა, ნამდვილ ომს გამოცდიდა... ჯერ თამაშ-თამაშ უნდა ევაჟკაცა, სიზმარ-სიზმარ ეომა, ჯერ უნდა გაზრდილიყო.
და კიდევ იყო ერთი ამბავი, რომელიც ასევე მისწვდენოდა მის ყურს, ამბავი ძველი იყო და თითქოს არაფრის მთქმელი. ეს მისი დეიდაშვილების ოჯახში მომხდარა. მარო გონჯილაშვილი მიამბობს: - ქაქუცასა და ბოლშევიკების შეტაკებაში ჩვენი კამეჩი მოკვდაო. იმ დღეს საძოვარზე კამეჩს ზაქი მოუგია. კამეჩი სოფელში იმ დროს შემოსულა ზაქიანად, ქაქუცასა და მის რაზმელებს ტყვიას რომ აწვიმებდნენ. მოჰყვა სროლაში... მერე ჩვენებს ენახათ: მკვდარ კამეჩს ძუძუზე ეჭიდებოდა ზაქი.
მარო გონჯილაშვილის დედა ანა და მირზას დედა - ევა მაჩურიშვილი ბიძაშვილები იყვნენ. ერთი სახლის განაყოფში ცხოვრობდნენ. ჰოდა, კამეჩის ამბავიც არაერთხელ თქმულა მათ სახლში. სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა ეს სურათი მზის სხივებთან მოთამაშე მირზა გელოვანს - ზაქისა თუ ზვარაკისა...
...რომ წამოიზარდა, შეუყვარდა და აი, აქ დაიწყო საგმირო თავგადასავლები. მირზას პირველი შეყვარებული, ულამაზესი მარიამ ცალუღელაშვილი ტექნიკუმში სწავლის დროს გაუცნია. თურმე ეხვეწებოდა, ცოლად გამომყევიო... მარიამის ქალიშვილი, თამარ დავითაია, პოეტის ფსევდონიმს - "მირზა", სწორედ თავისი დედის სახელს უკავშირებს. რეზოს კლასელსაც გაუხსენებია: "მირ-მარ", "მარო-რეზო", "მირზა"... წერდა ხოლმე რეზოო. დარდობდა, - მარო უარს მეუბნებაო. ზოგი ამბობს, იმ დროიდან გადაწყვიტა ლიტერატურული ფსევდონიმის აღებაო, მაგრამ იმ დროიდან არაფერი გადაუწყვეტია, რადგან პირველი ლექსი თბილისში რეზოს სახელით ჩამოიტანა.
ეს ლექსი რაჟდენ გვეტაძის მოთხრობაში, "ლაშაურის საღამოები", გამოჩნდა:
"თეთრი მიწა
დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, /თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები./ მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,/ ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები./ ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი,/ სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა./ მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი,/ და თუ შენი ღიმილი მსურს,/ შენი გულიც მინდა".
მარო გონჯილაშვილი მიყვება: ჩემი კლასელის, სახალხო მომღერლის, ნესტორ ხაიაურისა და პოეტ ალაზა ხაიაურის და, სარა, უყვარდა რეზოს და ეს ლექსიც მას მიუძღვნა.
სხვებმა ეს ხალიანი სახე ფილოლოგ ნელი ჭყონიას დაუკავშირეს...
კიდევ როგორ ამბებს აღარ ჰყვებოდნენ: მირზამ ქეთევან ბურჯანაძე (შემდგომ უნივერსიტეტის პროფესორი) მისი ლექსებით გაიცნოო. ქეთევანს ლექსების ორი რვეული დაუკარგავს. მოგვიანებით, როცა მეგობრებმა უკან მიუტანეს, ბოლო ფურცელზე მირზას ხელით მინაწერი წაიკითხა: "უცნობ პოეტ ქალს, ვისი ლექსებიც მე წავიკითხე, მისი ნებართვის გარეშე":
"ხომ შეიძლება ჰანგები მწველი/გაიმეორონ შენს ლექსებიდან/და დაიღვაროს ნელი სურნელი/ამ დაუბეჭდავ ხელთნაწერიდან./დარდებს თუმც გული გაუკვეთია,/მიდიხარ, და გზებს არ უჩანს ბოლო,/ეს სულერთია, ჰო, სულერთია,/თუნდა დაიწვა, თუნდა იცხოვრო".
მირზას მეგობარმა, თინა მაქსიმელაშვილმა, ფრონტიდან მისთვის გამოგზავნილ ლექსს - "ნუ მწერ", პასუხად კონვერტით იის კონა გაუგზავნა, არადა, მირზა ამ დროს საცოლედ აღიარებულ ნინო ახვლედიანს სწერდა ლექსებსო...
მოკლედ, მირზა-რეზო გელოვანის ამბები სიყვარულის ძაფის გორგალივით ტრიალებდა და ათას ჭორსა თუ ნამდვილს იხვევდა. მარო გონჯილაშვილმა მიამბო: რეზო ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. ახმეტაში დეიდასთან ვიყავი სტუმრად. ერთ საღამოს რეზო მოვიდა, დეიდაჩემის ქმარს ეუბნებოდა: - გამოპარული ვარ, მე და ჩემმა "ხაზეინმა" ერთმანეთი ვთოფეთო. ეს "ხაზეინი" იყო შემდეგში გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი ვალერიან ხატიაშვილი, იმხანად სოხუმის გაზეთის - "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქტორი. მირზაც იქ მუშაობდა. ხატიაშვილს ცოლად ჰყავდა სომეხი ვაჭრის ულამაზესი ქალიშვილი, გვარად მირზაბეკოვა. ერთმანეთი ვთოფეთო, რომ თქვა, მაშინ რას ვიფიქრებდი, მერე კი გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება კიდეც მოსწონდა მირზაბეკოვა და უსიამოვნებაც იმიტომ მოხდა... მახსოვს, ახმეტაში, დილით რომ ავდექით, გამაფრთხილა, - არ თქვა, რომ მნახეო! მეც არ მითქვამს. 1939 წელს, ჯარში რომ მიდიოდა, მოვიდა გამოსამშვიდობებლად. მაშინ დედაჩემს უთხრა, - მარომ გითხრა, ახმეტაში რომ მნახაო?.. დედამ - არაფერი ვიციო.
- არ გითქვამს, რომ მნახეო? - ახლა მე მომხედა ღიმილით.
- ხომ მითხარი, არა თქვაო, - მივაგებე.
- აბა, ჩემგან ერთი კარგი კაბა გეკუთვნისო.
იმან ხომ ვერ მიყიდა კაბა - ომიდან ვერ დაბრუნდა, სამაგიეროდ დედამისმა მიყიდა ლამაზი კაბა.
მაროს არ ალოდინეს დანაპირები... თავად ევა კი უსასრულოდ, სიკვდილამდე ელოდა შვილის დაბრუნებას. ელოდა...
ახლა გელოვანის სასიყვარულო ამბებსა და თოფის სროლაში ძნელად გაერკვევი კაცი, მაგრამ... ეგება და მართლა უყვარდა მირზაბეკოვა, უყვარდა ისე ძლიერად, რომ ფსევდონიმად მირზა აირჩია... თორემ ზოგი რომ ამბობს, აღმოსავლური პოეზიის სიყვარულითო, ამისი საბუთი ნაკლებად არის მის შემოქმედებაში.
ძალიან ლამაზი იყო მირზა. ოქროსფერი თმა ჰქონდა, ტანმაღალი, თავისწვერა, მამაცი მონადირე, მებადური. რა გასაკვირია, რომ ყველას ადვილად ხიბლავდა! დაბადებულა მარტში, როცა თიანეთში გაზაფხულის მოლოდინით დაღლილი თიანეთელები ბუხართან მოიფშვნეტენ დამზრალ ხელებს, და ყველაზე ძლიერად მიეცემოდნენ კარგის მოლოდინს... დაბადებულა 1917 წლის 2 მარტს... მისი დედმამიშვილებიდან ზრდასრულობამდე ყველამ ვერ მიაღწია, გადარჩა მხოლოდ სამი: როენა, რუსუდანი და თეიმურაზი.
ოჯახში ხშირად მღეროდნენ. მირზა ფანდურზე უკრავდა, დედამისი - გიტარაზე. მათ მოსმენას არაფერი სჯობდა... იკრიბებოდნენ ნათესავები, იშლებოდა სუფრა და რეზო-მირზას მზის შუქი ადგა ოქროსფერ თმაზე. მოხდენილად გადააბიჯებდა ხოლმე კარის ზღურბლს. რომ მიდიოდა, თავი ჩოხა-ახალუხიანი წარმოედგინა, გინდაც უბრალო პერანგი სცმოდა... და სულში ნაღვერდალივით უფეთქავდა ამბავი ზაქისა და კამეჩისა...
და მერე, როცა მირზა გელოვანი ომიდან ვერ დაბრუნდა, როცა მისი ლექსების კრებული გამოვიდა, მისმა დამ - რუსუდანმა, მარო გონჯილაშვილს აჩუქა ერთი წიგნი მინაწერით: "ძვირფასო მარო, წაიკითხავ, გული დაგწყდება და ორივენი შეგეცოდებით".
უფრო არ გაგვემეტებით... იქნებ ყველაზე მეტად უხდებოდეს კიდეც მირზა გელოვანისნაირ ვაჟკაცებს არგამეტების გრძნობა...
ავტორი: ლელა ჯიყაშვილი