ავტორი:

საქართველოში ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ჩამოდის

საქართველოში ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ჩამოდის

ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გამომცემლობა „პალიტრა L-ის” მოწვევით 4-6 მაისს საქართველოში ჩამოვა და მკითხველთან შეხვედრებს გამართავს.

მკითხველებს საშუალება ექნებათ, საყვარელ მწერალს დაუსვან კითხვები და მისგან ავტოგრაფები მიიღონ. საქართველოს მისი ბეგბედერის მეუღლე ლარაც ეწვევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „ქოლგა თბილისი ფოტო“.

გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. მისი „99 ფრანკი“ დღემდე ბესტსელერთა სიაშია. ამ დროისთვის „პალიტრა L-მა“ თარგმნა და გამოსცა მწერლის 4 რომანი: „99 ფრანკი“, Windows on the world, , „რომანტიკული ეგოისტი“ და „საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე“.

ფრედერიკ ბეგბედერი ჩვენს ქვეყანას 2016 წელსაც ესტუმრა და „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველთან შეხვედრა გამართა. მწერალთან შესახვედრად მისული ათობით ადამიანის სურვილი, მას მიახლოებოდნენ და ავტოგრაფი გამოერთმიათ, ბეგბედერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მკითხველთა რიგები იყო როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, სადაც თაყვანისმცემლები ავტორთან მიახლოებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდებოდნენ.

ცოტა რამ ფრედერიკ ბეგბედერზე: ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, ლიტერატურულმა კრიტიკოსმა და გამომცემელმა თავისი პირველი რომანი „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“ 1990 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მსხვილი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი გახდა. მისი მომდევნო რომანები „არდადეგები კომაში“ და „სიყვარული გრძელდება სამი წელი“ 1994 და 1997 წლებში გამოიცა. ავტორი მალე გახდა პოპულარული, მისი რომანების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა.

1999 წელს გამოვიდა მისი ცნობილი ნოველების კრებული - „ნოველები ექსტაზის დროს“, ყველაზე აღიარებული რომანი - „99 ფრანკი“ კი 2000 წელს გამოიცა, რომელიც მალევე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და მკითხველში დღემდე დიდ ვნებათაღელვას იწვევს. წიგნი ჯერ კიდევ საზოგადოების განხილვის საგანია და მასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.

მწერალი ადამიანზე რეკლამის გავლენის, ურთიერთობების, ღირებულებების, გრძნობებისა და მათი გაუფასურების გარდა, ეხება ისეთ თემასაც, როგორიც არის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში. მისი რომანი Windows on the World ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე და შემდეგ იმ ადამიანების მდგომარეობასა და განცდებს აღწერს, რომლებიც სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებული. რომანისთვის მას ინტერალიეს პრემია მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი, რომელიც ჟან კუნენმა გადაიღო და მასში ეპიზოდურ როლს ფრედერიკ ბეგბედერიც ასრულებს.