ავტორი:

გაიცანით კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2022" გამარჯვებული ირაკლი არიშვილი, რომელმაც ხალხის განსაკუთრებული მხარდაჭერა მოიპოვა

გაიცანით კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2022" გამარჯვებული ირაკლი არიშვილი, რომელმაც ხალხის განსაკუთრებული მხარდაჭერა მოიპოვა

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი ისტორია არა დაბადებით, არამედ გარდაცვალებით დაიწყო,” – ღამით გონებაში ამოტივტივებული ეს ფრაზა წიგნის დასაწყისი გახდა და მას მოჰყვა ყველაფერი, მათ შორის, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება.

ირაკლი არიშვილი 20 წლის სტუდენტია, რომელსაც ძალიან უყვარს წერა და საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ამ გზით გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა წერის დაწყება, დღეს ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულია და ფართო საზოგადოება მისი რომანის „დასაწყისის დასასრულის“ გამოცემას მოუთმენლად ელის. ირაკლი ხალხის რჩეულია, რომელიც სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით გახდა კონკურსის გამარჯვებული.

„წიგნი იმ სოციალურ გარემოზეა, რომელიც ჩვენ გარშემოა. ჩემთვის, როგორც რეგიონიდან ჩამოსული ადამიანისთვის, თბილისთან ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო. პატარა ქალაქ ჭიათურაში გავიზარდე. მართალია, გაჭირვებული ადამიანები იქაც არიან, მაგრამ გაჭირვება, რომელიც თბილისში დამხვდა, ბევრად უფრო მასობრივი იყო. ეს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ჩემთვის. ყოველთვის, როდესაც გარშემო რაღაცას ვუყურებ, ავტომატურად საკუთარ ცხოვრებასთან ვაიგივებ. ეს კი მძიმედ მოქმედებს ჩემზე. ამავდროულად, ქუჩაში მოძრაობის დროს არ შემიძლია გარშემომყოფებს თვალი ავარიდო. ყოველთვის ვაკვირდები ადამიანებს. ამ დროს მუსიკის მოსმენაც კი არ შემიძლია. გარემოსა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ იმდენად ძლიერი გრძნობები და ემოციები მქონდა, რომ მივხვდი ამაზე რაღაც უნდა დამეწერა,“ – სწორედ ასე დაიწყო ირაკლიმ წიგნის წერა, რომლის განვითარებაც წინასწარ არ იცოდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ჰქონდა მომენტები, როდესაც ამა თუ იმ პერსონაჟის ისტორია წინასწარ მოფიქრებული ჰქონდა, თუმცა წერის მომენტში ეს ისტორია თავდაყირა დადგა და ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. უფრო დეტალურად საკუთარ შემოქმედებაზე ირაკლი არიშვილი თავად გვესაუბრება.

„დასაწყისის დასასრული“ თქვენი პირველი რომანია თუ მანამდეც წერდით?

ეს ჩემი პირველი ნაწერი არაა, თუმცა წერა არც შორეული ბავშვობიდან დამიწყია. პატარაობიდან ვკითხულობდი ძალიან ბევრს. საკმაოდ პატარამ ვისწავლე დამოუკიდებლად კითხვა და 4–5 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიო“ წავიკითხე, რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ვკითხულობდი ძალიან ბევრს და ცოტა მოგვიანებით მეც გამიჩნდა სურვილი, რომ რამე დამეწერა. მე–6 კლასში ვიყავი, როდესაც პირველი მოთხრობა დავწერე. მასწავლებელს ვაჩვენე, თუმცა მითხრა, წერა ყველას არ გამოსდის და შენ მაგაზე არ ინერვიულოო. მას შემდეგ დიდი ხანი წერის სურვილი აღარ გამჩენია. მეორედ უკვე 2016 წელს ვცადე დაწერა და ამ ნაწერით თავადაც არ ვიყავი კმაყოფილი, ამიტომ მაშინაც თავი დავანებე. მოგვიანებით კი უკვე კონკურსისთვის დავწერე „დასაწყისის დასასრული“.

მე–6 კლასში შექმნილი ნაწერი წარუმატებელ მწერალზე იყო. სურვილი მაქვს, რომ მივუბრუნდე მას და დავასრულო. ჩემთვის მაინც მექნება, სხვა თუ არაფერი.

ზოგადად, სასიყვარულო ისტორიების წერა არ მიყვარს. ვფიქრობ, სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა საკმაოდ რთულია, ამიტომ სასიყვარულო ტექსტების უმეტესობა ძალიან მებანალურება. ვცდილობ, თავადაც არ დავწერო რამე ბანალური.

წერის დაწყება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სცადეთ. რა გაძლევდათ მოტივაციას, რომ არ დანებებოდით და შეგექმნათ რამე მართლაც ღირებული?

აკვიატება მქონდა. რადგან ბევრს ვკითხულობდი, მინდოდა, მეც დამეწერა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ძალიან ხანმოკლე ცხოვრება გვაქვს და მინდა, როცა ამ ქვეყნიდან წავალ, ჩემი სახელი არ დაამახსოვრდეთ ისე, როგორც უბრალო ადამიანი, რომელმაც იცხოვრა და არაფერი დატოვა. თავიდან არ ვიცოდი, ამ მიზნის მიღწევას როგორ ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შევქმენი ის, რაც შევქმენი. ჯერჯერობით წარმატებით მიდის ეს პროცესი.

ამავდროულად, არასდროს მიოცნებია პოპულარობაზე. ჩემს ქალაქში ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვიყავი და ეს მყოფნიდა. 2 წლის და 10 თვის ვიყავი, როდესაც პირველად სცენაზე ვიმღერე და მას შემდეგი ბევრი მიცნობდა. ამიტომ პოპულარობის დანაკლისი არასდროს მქონია და არც ამ მიზნით დამიწყია წერა. თუმცა ვფიქრობ, პოპულარობასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები.

კონკურსის შესახებ როგორ შეიტყვეთ და რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ფეისბუქ გვერდზე ვნახე ინფორმაცია კონკურსის შესახებ, თუმცა თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით, ძალიან ბევრი მეგობარი თუ ახლობელი მიგზავნიდა ამ კონკურსის ბმულს და მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა. ვიფიქრე, რატომაც არა, რას ვკარგავ-მეთქი. გავასწორე ტექსტის პირველი 30 გვერდი და გავგზავნე. გამარჯვების დიდი იმედი არ მქონდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ გამოცდილების მიღების კუთხით ჩემთვის ძალიან კარგი იქნებოდა.

პირველივე ტურში ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღე, ვფიქრობდი, მოწინავე პოზიციებზე გავიდოდი, მაგრამ გამარჯვებას ბოლომდე არ ველოდი.

რომანს კონკურსის პარალელურად წერდით. ეს პროცესი სტრესული ხომ არ იყო? როგორ ფიქრობთ, კონკურსში დასრულებული ნაწარმოებით მონაწილეობა უკეთესი ხომ არ იქნებოდა?

სტრესული ნამდვილად არ ყოფილა. ვაკვირდებოდი მკითხველის ემოციებს და, შესაბამისად, ვაგრძელებდი წერას. რაც უფრო ძლიერი იყო მხარდაჭერა, მით უფრო დიდი სურვილი მქონდა, უკეთესად დამეწერა. ასეთი დადებითი ემოციების გარემოცვაში წერის პროცესი სასიამოვნო იყო. როდესაც უცხო ადამიანებისგან ამხელა პოზიტიურ გამოხმაურებას იღებ, ხვდები, რომ მართლაც რაღაც ღირებულს ქმნი.

კონკურსის დასრულებამდე მეორე წიგნის წერაც დავიწყე, თუმცა პარალელურად წერა არც ისე მოსახერხებელი იყო ჩემთვის, ამიტომ ერთ ღამეს უბრალოდ გავშალე ლეპტოპი და „დასაწყისის დასასრული“ დავასრულე. ეს მომენტი საკმაოდ ემოციური იყო. მენანებოდა მასთან განშორება, მაგრამ უკვე დრო იყო, დამესრულებინა.

წერის დასაწყებად განსაკუთრებული ემოციური ან ფიზიკური მზაობა გჭირდებათ თუ არ აქვს მნიშვნელობა გარემოს, რომელშიც წერთ?

გარკვეული აღმაფრენა მჭირდება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ემოციაა. უბრალოდ, გარკვეული ემოციური მზაობაა საჭირო. მაქვს პერიოდი, როდესაც 1 თვის განმავლობაში არ ვწერ. ხან კი ყოველ ღამით ვწერ. თუმცა წერის პროცესი არ არის ხანგრძლივი. როგორც წესი, ღამით, სრულ სიჩუმეში ვწერ რამდენიმე ეპიზოდს. ზაფხულში ტორესა მოსს შევხვდი და მან მირჩია, შემესწავლა გარემო, რომელში წერაც მინდოდა და შემდეგ მეცადა ხშირად შემექმნა მსგავსი გარემო. ეს რჩევა ძალიან გამომადგა.

რას ეტყვით მკითხველს, რომელიც თვეების განმავლობაში გგულშემატკივრობდათ და თქვენი წიგნის გამოცემას ელის?

ვეტყვი, რომ მათ ელით მოულოდნელი ამბები, რომლებსაც დიდი ალბათობით ვერ წარმოიდგენენ. ტექსტს ძალიან საინტერესოს ხდის ერთი დეტალი. მთავარ პერსონაჟს არ აქვს სახელი. ამასთან დაკავშირებით მე ჩემი ჩანაფიქრი მქონდა. მკითხველი წიგნის წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვეტს, რატომ არის ის უსახელო. სხვათა შორის, მეგობრები მირჩევდნენ, არ დამეტოვებინა უსახელოდ, რადგან ეს სარისკო გადაწყვეტილებად მიაჩნდათ. მაგრამ მე წავედი ამ რისკზე და, ვფიქრობ, მკითხველი ჩემს ჩანაფიქრს კარგად მიხვდება.

ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების ადამიანს შეუძლია მისი წაკითხვა. შედარებით მძიმე წიგნი გამოდის, მაგრამ, ვფიქრობ, ცხოვრებაში ბედნიერებაზე ბევრი წერს. რეალურად კი ცხოვრება ყოველთვის ბედნიერი არაა. ამ წიგნში ბევრი ისეთ დეტალია, რაც ადამიანებად გვხდის და ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს მკითხველმა.