ავტორი:

"ყველა მანდილოსანს ბოდიშს ვუხდი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე... ალბათ, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო" - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

"ყველა მანდილოსანს ბოდიშს ვუხდი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე... ალბათ, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო" - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და იტირა. ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში სიტყვა პირველად წარმოთქვა და შანაი ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

"ბოდიშს მოვიხდი, დღემდე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი, ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა.

არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით. ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით",- განაცხადა მურსაკულოვმა.

სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, ვინაიდან დაზარალებულის ძმას სურს პროცესს დაესწროს.