"პროკურატურას თავზე ჩამოემხო "ფულის გათეთრების" საქმე, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. სამი წელი რატომ გვატარეს? პრაქტიკულად, სამი წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, სამი წელი რისთვის ვიარეთ სასამართლოზე, პროკურატურას ჩამოემხო "ფულის გათეთრების“ საქმე. კი შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც გამოძიება არ არის ჩატარებული? არაფერი არ არის ჩატარებული. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამას მთელი სამყარო არ ცნობდა - "ფულის გათეთრებას“, გარდა პროკურატურისა და პროკურატურას ჩამოემხო თავიდან ბოლომდე "ფულის გათეთრების“ საქმე. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის,“- განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.