ავტორი:

"მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა - პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს" - ალეკო ელისაშვილი

"მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა - პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს" - ალეკო ელისაშვილი

"პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი - პარლამენტის წევრი ვარ და ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს" - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი დედაქალაქში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების გამო გაიზარდა.

„რანაირად გაიაფდება, გადაიხადეთ აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს. მითუმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს.

კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ მარშრუტკები დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის მარშრუტკები. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს. ჩვენს ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მაქაცარია გახდეს კიდევ უფრო მდიდარი. გახდეს მდიდარი, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ნუ ხდება.

რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? - მეტრო, ავტობუსი და მარშრუტკა, ეს მარშრუტკები აფუჭებს ყველაფერს. მარშრუტკების გამო არის, რომ გაძვირდა. გაგვიორმაგდა ეს ფასი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.