ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო - ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მისი დასუსტება" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო - ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მისი დასუსტება" - ადვოკატი

"ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებათდამცველმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს.

"ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი ამაზე, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. "ქართული ოცნების“ სპიკერებმა ამას მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია. ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის ჩართვას კონსილიუმში, დარჩა ყურადღების მიღმა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა "ემპათიის“ ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მან ასევე განმარტა, რომ მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმთან ამ მედიკამენტის სააკაშვილისთვის დანიშვნა ვერ იქნებოდა შეთანხმებული, რადგან მედიკამენტის მიღების დაწყების მომენტისთვის კონსილიუმი შეკრებილი ჯერ არ იყო.

"ჯიშკარიანის კონსილიუმთან ვერ იქნებოდა ტექნიკურად შეთანხმებული, იმიტომ, რომ რუსთავში ყოფნისას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა ჯგუფი შექმნილი. მედიკამენტის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, დაიწყო რუსთავში.

პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით, რომ მივიღოთ სამედიცინო მოსაზრება, რომელიც იქნება დასაბუთებული. იქამდე რაც არ უნდა გელაპარაკოთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, იქნება მარჩიელობა. თუ გვექნება იმის საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, რომ გამოვიყენებთ სტრასბურგში და უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში,“- განაცხადა ადვოკატმა.