"მარტო სახლში“ ის ფილმია, რომელმაც დროს გაუძლო. ახალი წელი ამ ფილმისა და მისი გმირის, კევინ მაკალისტერის თავგადასავლის გარეშე წარმოუდგენელიც კია. ფილმის ფანებს შესაძლებლობა ეძლევათ ოცნება აიხდინონ და სადღესასწაულო პერიოდში დაიქირავონ ის სახლი, სადაც კინოსურათია გადაღებული.
Airbnb-ი აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერია, რომ სახლის დაქირავება ერთი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი ღამითაა შესაძლებელი.
“იზეიმეთ სადღესასწაულო სეზონი მაკალისტერის სტილში. ასეთი რამ პირველად ხდება, შეგიძლიათ დაჯავშნოთ სახლი და გაატაროთ ერთი დღე იქ, სადაც დაიწყო "მარტო სახლში“-ს ისტორია“, - წერს კომპანია "ინსტაგრამზე" და პირობას დებს, რომ იქ მძარცველები არ დაგხვდებიან.
სახლი ჩიკაგოში მდებარეობს და დაჯავშნა 7 დეკემბრიდან იწყება, ერთი ადამიანისთვის კი ერთი ღამე მხოლოდ 25 დოლარი ღირს. სტუმრებს მსახიობი დევინ რატრეი მიიღებს, რომელიც კევინ მაკალისტერის უფროსი ძმის, ბაზის როლს ასრულებდა.
საინტერესოა, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ ისეთივე ხაფანგები მოაწყონ, როგორსაც ფილმში პატარა კევინი აკეთებდა და თავი ფილმის გმირად წარმოიდგინონ. სტუმრებს ასევე შესთავაზებენ ჩიკაგოს გემრიელ პიცას.