"თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სასამართლო სხდომებს დაესწროს.
“დღეს შიმშილობის 34-ე დღეა და ლოგიკურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე, მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები. რაც შეეხება სასამართლო პროცესს - ჩვენ ვხედავთ, რომ 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ და თუ უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პირი, ვისი სასამართლო პროცესიც უნდა იყოს, შემდეგ ეს პროცესი ტარდება “ლაივში”. იმის შიშმა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს ეკრანზე და არ მიმართოს სასამართლოს და საზოგადოებას, ამის გამო აქამდე სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ დაესწროს სასამართლო სხდომებს“, - განაცხადა გელხაურმა.