ავტორი:

"გადაღებებისას გავცივდი, კოტე მოსანახულებლად მოვიდა, ერთი ყუთი ფორთოხალი მომიტანა, ვიტამინები არ გინდაო?" - როგორ იხსენებს ზანდა იოსელიანი "ბიჭიკოს" ფილმიდან "უდიპლომო სასიძო"

"გადაღებებისას გავცივდი, კოტე მოსანახულებლად მოვიდა, ერთი ყუთი ფორთოხალი მომიტანა, ვიტამინები არ გინდაო?" - როგორ იხსენებს ზანდა იოსელიანი "ბიჭიკოს" ფილმიდან  "უდიპლომო სასიძო"

კოტე მგალობლიშვილს პოპულარობა ადრეულ ასაკში ეწვია, 20 წლის ბიჭი ცნობილ ქართულ ფილმში "უდიპლომო სასიძო“ მთავარ როლში გადაიღეს, ვარდენის სასიძო იყო, რომელიც დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, ბოლოს მაინც მისი სიძე გახდა... ბატონ კოტეს სხვა ფილმებშიც უთამაშია, მაგრამ მსახიობობა პროფესიად არ გაუხდია. ინჟინერი გახლდათ და კარიერის მანძილზე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა (კონსტრუქტორი, მთავარი ინჟინერი, განყოფილების უფროსი, დირექტორი). იყო ასევე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრიც.

სამწუხაროდ, კოტე მგალობლიშვილი 18 სექტემბერს 81 წლის ასაკში "კოვიდი 19“-ის გადატანის შემდგომ დარჩენილი გართულებებით გარდაიცვალა.

მისი გახსენება ჩვენ მაინც იმ ცნობილი ქართული ფილმით გადავწყვიტეთ, რომლითაც ფართოდ გაიცნეს და სადაც ქართული სცენისა თუ კინოს კორიფეების გვერდით დაუვიწყარი როლი შექმნა. ამ საქმეში დახმარება მსახიობ ზანდა იოსელიანს ვთხოვეთ. ქალბატონი ზანდა ფილმის ერთ-ერთ გმირია, ახალგაზრდა ზოოტექნიკოსის როლი აქვს, დღესდღეობით კი ის ერთადერთი მემატიანეა, ვისაც "უდიპლომო სასიძოს“ გადასაღებ მოედანზე 60 წლის წინ უმუშავია.

ზანდა იოსელიანი:

"კოტეს გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტა. უზომოდ მეწყინა. ჩემმა შვილებმა მისი ამბავი ნელ-ნელა შემომაპარეს... ვიტირე... დასანანია, რომ ჩემი თაობის ხალხი ირგვლივ თითქმის აღარ დარჩა, ადამიანები, ვისაც გაესაუბრები და ეტყვი, - "გახსოვს?“

ფილმის გადაღების ეპიზოდების გახსენება მთხოვეთ, რომელიც იმ პერიოდის კოტე მგალობლიშვილს გაგვახსენებსო... სიამოვნებით, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ რეჟისორმა ლევან ხოტივარმა გადაღებები რომ დაიწყო, სცენარში ჩემი პერსონაჟი არ იყო, ეტყობა, მხედველობიდან გამორჩათ ახალგაზდა ზოოტექნიკოსის როლი. კაკო კვანტალიანს უთქვამს, - მყავს თეატრში ერთი ახალგაზრდა მსახიობი, ოღონდ, ამას მე რომ გეუბნებით, მან არ უნდა გაიგოსო (რადგანაც მსახიობებს უყვართ, როცა ფილმზე რეჟისორი იძახებს)...

გადაღებები 1961 წელს მაშინდელ მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი) მიმდინარეობდა. მოკლედ, გამომიძახეს და წავედი. ჩემთან ერთად მსახიობი თენგიზ მაისურაძე წამოვიდა, რომელსაც ფილმში ექიმის როლი აქვს... მატარებელი როგორც კი ბაქანზე ჩამოდგა, სადგურზე გადამღებმა ჯგუფმა საოცარი შეხვედრა მოგვიწყო (წვიმდა, ამიტომ იმ დღეს არ მუშაობდნენ). ვაგონიდან კიბეზე ფეხის ჩადგმა არ გვაცალეს, ჩვენსკენ გამოიქცნენ და ჟრიამული ატეხეს - "ჩამოვიდნეენ“, "ჩამოვიდნეენ“ - შეძახილებით. ასეთ დახვედრას არ ველოდით, ნამდვილად მოულოდნელი იყო - თავიდანვე გაგვათამამეს...

მერე ვიღაცამ დაიძახა, - დღეს გადაღება არ ჩაიშლება, მზის შუქი გამოჩნდა, გამოიდარა, ზანდას და თენგიზის გასეირნება შეიძლება, გადავიღოთო. არადა, ჯერ არც კი ვიცოდით, ფილმში რა როლი გვქონდა, რას ვაკეთებდით. ხომ გეუბნებით, კიბეებიდან ის წუთი იყო, ფეხი ჩამოვდგით და უცებ ასეთი დავალება... რას ვიზამდით, "გავისეირნეთ“, - ოპერატორი იღებდა, დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ეს არ უნდა გამოგვემჟღავნებინა... თენგიზი იღიმოდა, რაღაცებს ლაპარაკობდა და მეც ვუღიმოდი...

სასტუმროში დაბინავების შემდეგ, გავიგე, რომ ფილმში ბელა მირიანაშვილს იღებდნენ, მთავარი როლი ჰქონდა და მასთან შეხვედრა გამიხარდა. ბელასთან თეატრალური ინსტიტუტიდანაც ახლოს ვიყავი. იქვე ისიც შევიტყვე, რომ მთავარი როლის შემსრულებელი კოტე მგალობლიშვილი იყო, მშვენიერი ახალგაზრდა, კარგი გარეგნობის ბიჭი, ისეთი, არ შეიძლებოდა, ყურადღება არ მიგექცია. ამასთან, ზრდილობიანი, გაწონასწორებული და იუმორით სავსე. ზომიერებაც არ ღალატობდა - ზედმეტად არც სიტყვას ჩამოგართმევდა და არც - თვითონ დააკლებდა. მოკლედ, ყველაფრით შემკული, უკეთელშობილესი ადამიანი იყო. ასეთად გავიცანი და მთელი ცხოვრება ასეთად დარჩა...

კოტეს პერსონაჟი "ჩვენი ოჯახის“ სიძეობას აპირებდა. მე ახალგაზრდა ზოოტექნიკოსი ხომ ვარდენის ოჯახში მდგმურად ვიყავი? მას კი ვარდენის ქალიშვილის, ნანის ცოლად მოყვანა უნდოდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კოტე პოპულარული კინოდან გახდა, მსახიობობას არ გაჰყოლია...

- კი, არ გაჰყვა. სხვა პროფესია ჰქონდა და როგორც ვიცი, სულ კარგი სამსახურებიც. თუმცა ის სხვა ფილმებშიც არის გადაღებული, მაგრამ მთავარი როლი მხოლოდ აქ ჰქონდა...

მოკლედ, ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი გადაღებაზე, სადაც შევხვდი ასევე ჩემს უახლოეს მეგობარს გურამ გოგავას, ბელა მირიანაშვილს, კოტე მგალობლიშვილს, არაჩვეულებრივ ფოტოგრაფს, ჟენკა კარაცის. ეს ხუთეული იქ დიდად დავმეგობრდით.

გადაღებებზე 5 დღის საკვების ფულს გვაძლევდნენ და გადავწყვიტეთ, ბანკირი აგვერჩია, ვინც იმ ფულს ჩაიბარებდა და 5 დღის განმავლობაში გვაჭმევდა, გვასმევდა. თუ გაამართლებდა და საქმეს კარგად გაუძღვებოდა, 5 დღის მერეც დავტოვებდით, თუ არადა, სხვას ავირჩევდით. ჰოდა, ის ბანკირი მე აღმოვჩნდი... ასეთი ურთიერთობები ჩვენს უფრო დაახლოებას, დამეგობრებას ხელს უწყობდა... ახალგაზრდები ვიყავით და გადაღებების მერე, როგორც შეგვეძლო, ვერთობოდით და დრო მშვენივრად გადიოდა.

ეთხელ გავცივდი, ავად გავხდი, მითხრეს, - იწექი, გამოშუშდი, გარეთ არ გამოხვიდე, არ შეგიბრუნოსო. თან, იმ დღეს ჩემი გადაღებაც არ იყო და უცებ ვხედავ, კოტე მოვიდა და ხელში ერთი დიდი ყუთი უკავია, რომელიც ფორთოხლითაა სავსე. - ავად რომ ხარ, ვიტამინები არ გინდაო?

კოლმეურნეობაში გვიწევდა გადაღება, სადაც ციტრუსი იკრიფებოდა, ისინი კრეფდნენ და ჩვენ ვეხმარებოდით. იქ ჭამა და ასე 10-15 ცალის აღება შეიძლებოდა, მაგრამ კოტეს ჩემს მოსაკითხად მთელი ყუთით წამოუღია...

მოკლედ, საოცარი ჯგუფი იყო, სადაც ყველა ერთმანეთის მიმართ კარგად იყო განწყობილი. შესანიშნავი კაცი იყო რეჟისორი ლევან ხოტივარი, დიდი გამოცდილება იყო ასევე იმ გენიალურ მსახიობებთან ერთად დამწყები მსახიობების ყოფნა და მუშაობაც.

გადაღებები რომ დასრულდა, ის ოთხეული ისე დავახლოვდით, რომ დაშორება და ჩვენ-ჩვენი გზებით გაფანტვა დაგვენანა და გადავწყვიტეთ, თვეში ერთი რიცხვი დაგვეთქვა და ყველანი შევხვედრილიყავით. გურამ გოგავა პლეხანოვზე ცხოვრობდა, საკუთარი სახლი ჰქონდა. გვითხრა, - მამას ჰქონდა ოთახი, სადაც მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთახი ჩემია და ყოველი თვის 18 რიცხვში ჩემთან შევიკრიბოთო. წლების განმავლობაში გურამთან ვიკრიბებოდით. მერე ისე მოხდა, რომ გურამი უეცრად გარდაიცვალა, რაც დიდი ტრაგედია იყო... გავიდა წლები და ბელაც წავიდა, მისი ამბავიც საოცრად განვიცადე...

- ბატონი კოტე ბოლოს როდის ნახეთ?

- ფილმი 50 წლის რომ გახდა, ლია მიქაძემ დამირეკა, - კინემატოგრაფისტთა კავშირის შენობაში გეპატიჟები, კოტე მგალობლიშვილს უნდა შეგახვედრო და "უდიპლომო სასიძოზე“ მუშაობის პერიოდი უნდა გაგახსენოთო. ძალიან გამიხარდა და წავედი. გადაცემისთვის ხდებოდა ჩვენი ჩაწერა. დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ვიხსენებდით 50 წლის წინანდელ პერიოდს, ისტორიებს ერთმანეთს ვაწყვეტინებდით - არა, მე უკეთ მახსოვს, მე - უკეთო. იმ შეხვედრით დიდად ვისიამოვნე.

ახლა კი მინდა, დიდი მადლობა თქვენ გადაგიხადოთ, რომ კოტე გაიხსენეთ და მასზე საუბრის საშუალება მომეცით...