ავტორი:

"ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია" - ქეთათო ჩარკვიანი "მეფესთან" თანაცხოვრებასა და მძიმე დღეებზე

"ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია" - ქეთათო ჩარკვიანი "მეფესთან" თანაცხოვრებასა და მძიმე დღეებზე

მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი თათია შარანგიას გადაცემას, "სთორი" სტუმრობს, სადაც ის ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს. ჰყვება მათი სიყვარულის ისტორიას და ამბობს, რომ ასაკობრივ სხვაობას ვერასდროს გრძნობდა.

"ხალხთან მინიმალური კონტაქტი გვქონდა და ერთმანეთს ვავსებდით. მე რომ დავიწყე ირაკლისთან სტუმრად სიარული, მაშინ მისი კარი ყველასთვის ღია იყო, ზოგი პირდაპირ წიხლით შემოდიოდა. მერე მეც გადავედი, მივიტანე ჩაის ჭიქები. არ ვიცი, მაგრამ ზოგისთვის უცნაურად რატომ ვითვლები. მაშინ მობილური არ იყო და ვამბობდი, - დარეკეთ, სანამ მოხვალთ და ამას პირად შეურაცხყოფათ იღებდნენ, - რას ქვია დავრეკოთ. დარეკეთ მე რომ სახლში დაგხვდე, განწყობა მქონდეს შენი, მომინდეს, გაგიმასპინძლდე. მერე ეს ზედმეტი ენერგოვამპირები ნელ-ნელა ჩამოვიშორე.

სამწუხაროდ, მე ასაკს ვერ ვგრძნობდი, რომ ჩვენ შორის 17 წელი იყო სხვაობა. ირაკლის შუახნის კრიზისი ჰქონდა და ის ამას მეუბნებოდა, მაგრამ რასაც ის მეუბნებოდა მე არ მესმოდა. წლები თითქოს თავისას შვება... ირაკლის მძიმე თვისება იყო მისი ზღვარზე ყოფნა. არ იყო ის ადამიანი, რომელიც ეძებდა კომფორტს, სულ ბეწვის ხიდზე გადიოდა. არ არის მარტივი, როდესაც ქალი ხარ და შენი საყვარელი ადამიანი თითქოს კასკადიორია.

ძალიან ბევრ ქალს მოსწონდა ირაკლი და ამას ასე პირდაპირ, შეიძლება ითქვას, "ხახუნით" გამოხატავდნენ, ძაღლები რომ ეხახუნებიან ერთმანეთს. მე ვიყავი ძალიან მშვიდად, წყნარად, არ ვიცი რისი მჯეროდა. ირაკლისნაირ კაცს, ხმის ტემბრით და გარეგნობით უბრალოდ ემეგობრო, ვერ წარმომიდგენია. ემეგობრებიან, ვისაც არ გამოსდის "გელფრენდობა". მე არ მჯერა ქალსა და კაცს შორის მეგობრობის...

სიყვარული პირდაპირ სიტყვებით არასდროს აუხნია, სიმღერებით მიხსნიდა. ის სიმღერა, რომელიც დაიწერა, "სულს მოგცემ" - აქედან ვესროდით ერთმანეთს ფრაზებს. პირდაპირ "მე შენ მიყვარხარ" და "გამომყევი ცოლად", არ ყოფილა.

ჩვენ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ და სიტყვა "გათხოვება" ძალიან არ მომწონს, ნივთი ხო არ ხარ, გითხოვოს და როცა მოუნდება დაგაბრუნოს. იმდენად საკრალურია რაც ორ ადამიანს შორის ხდება, ამას არ უნდა მიაწერო რაღაც სახელი, იმიტომ რომ სიტყვა ყოველთვის არ არის საკმარისი, რომ ასახო კონკრეტული მდგომარეობა, დამოკიდებულება.

ერთი შეხედვით საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც მართლა ჩემიანია. ძალიან გამიჭირდა ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, თავიდან დავიწყე გაცნობა, ნელ-ნელა ფეხი ავიდგი...

შეიძლება გარკვეული გრძნობა გაგიჩნდეს ადამიანის მიმართ, მაგრამ ვიღაცასთან თანაცხოვრება შეძლო, ეს წარმოუდგენელი მეგონა. ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, ვისთან ერთადაც შენს ყოველდღიურობას გაყოფ და ბევრი დისონანსი არ იქნება. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ ადამიანთან და ვცდილობთ, რომ ნაკლები დისონანსი იყოს. ურთიერთობას ყოველ წამს, წუთს, როგორც მცენარეს, წყლის დასხმა სჭირდება. დღეები არის, რომ საერთოდ არაფერი არ მინდა, ცხოვრება არ მინდა, არ არის მარტივი, როდესაც ასეთი სიმძიმე მოგდევს შლეიფად, იმის მიუხედავად, რომ ოპტიმისტი ვარ, ეს შლეიფი მაქვს", - ამბობს ქეთათო ჩარკვიანი და მისი და ირაკლის ცხოვრებიდან მძიმე დღეებსაც იხსენებს:

"მე და ირაკლის ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია. ირაკლის თითოეული დღე, წუთი, მუსიკაში იყო, ყველა სიტყვა ნაგრძნობია, თითოეული უჯრედით. ისინი სპეკულირებენ ამით, ვინც გუშინ რომ ერთი პარტიის დამქაში იყო, დღეს მეორის. მე არ მაქვს უფლება ვინმეს საჯიჯგნი გავხადო... რამდენიმე პარტიიდან ყოფილა სოლიდური შემოთავაზება და მითქვამს, რომ არ მიღირის, თუნდაც ამ თანხას რამდენიმე ნული მიამატო, ირაკლი თუ რაღაცასთან ასოცირებული იქნება, ეს ტყულად არ უნდა ხდებოდეს" - ამბობს ქეთათო.