ავტორი:

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იძარცვება. ქურდების სამიზნეს ძირითადად ის უძველესი ტაძრები და სამარხები წარმოადგენს, რომლებიც დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ამ პროცესს ჟარგონულად "შავ არქეოლოგიას“ უწოდებენ და ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში დგას.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვასილ ჭიჭაღუა გვიყვება ტაძრების ძარცვისა და დაზიანების არაერთ შემთხვევაზე, რომლებიც ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანში 2020 წელს მოხდა. მძარცველებმა ძვირფასეულობის პოვნის მიზნით, მე-9-10 საუკუნეების მზეწვერის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის საკურთხეველში 1 მეტრამდე სიღრმის ორმო გათხარეს.

ვასილ ჭიჭაღუა

"ვიდრე უშუალოდ ძარცვის ფაქტზე ვისაუბრებდე, მოკლედ მოგიყვებით ამ ტაძრის შესახებ. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთიანი ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის. ტაძარში არსებული ფერწერა გამორჩეულია თავისი მაღალი მხატვრული ღირებულებით და შესრულების ტექნიკით. ეკლესიის გადახურვის მოხატულობა სიძველის გამო ძლიერ დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ჩვენ რა სურათიც დაგვხვდა, მძარცველებს თითქმის მთლიანად გადაუთხრიათ ტაძრის გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ნაწილის იატაკი და ტაძრის საკურთხევლის მიმდებარე ტერიტორია.

მზეწვერის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი

საკურთხევლის მხრების ხაზზე არსებული დიდი ზომის კვადრატული ქვის (ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტი) ქვემოთ გათხრილი იყო დაახლოებით 0.70 მეტრი სიღრმის ორმო. ვინ იცის, რა ამოიღეს ტაძრის იატაკიდან. შესაძლოა ვერაფერი, მაგრამ მათ მიერ გამოვლენილი გულმოდგინება და მონდომება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის, ეკლესიისთვის, ისტორიისთვის და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთები აღმოჩნდა ანტიკვარიატის შავ ბაზარზე“, - ამბობს ვასილ ჭიჭაღუა.

ცენტრის თანამშრომლები მომხდარის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. ბუჩაანელების ინფორმაციით, 2020 წლის გაზაფხულზე ტაძარში თითქოსდა, მოსალოცად, ავტომობილით რამდენიმე პირი მივიდა. მას შემდეგ, რაც ვიზიტორებმა ტაძრის ტერიტორია დატოვეს, ადგილზე მისულ მოსახლეობას კულტურული მემკვდრეობის ძეგლი გადათხრილი დახვდა. ვასილ ჭიჭაღუას თქმით, ძეგლების ძარცვა აქტუალური პრობლემაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

“ჩვენი ორგანიზაციის კვლევები აჩვენებს, რომ "შავ არქეოლოგიასთან" დაკავშირებული ვითარება მძიმეა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. კვლევის სხვა მეთოდების არარსებობის გამო ცენტრის თანამშრომლები იმ ინტერნეტ-რესურსების მონიტორინგს ვაკეთებთ, რომლებზეც შესაძლებელია გამოჩნდეს ინფორმაცია საქართველოს ამ რეგიონში 'შავი არქეოლოგების" აქტიურობის შესახებ. გამოვლინდა სოციალურ ქსელებში განთავსებული არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იძარცვება ისტორიული ძეგლები. ვიდეოს ავტორები, რომლებიც არ ასაჯაროებენ არც საკუთარ ვინაობას და არც იმ ლოკაციებს, სადაც ეწევიან ამ საქმიანობას, მათ მიერ მოპოვებულ არტეფაქტებს დიდი სიამაყით და მონდომებით გვიზიარებენ. " - უყვება ambebi.ge - ს სპეციალისტი.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, არქეოლოგი გიორგი მაღრაძე, ambebi.ge -სთან გამოსავლის პოვნის გზებზე საუბრობს.

არქეოლოგის პოზიციით, პრობლემა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალზედ რთული აღმოსაფხვრელია, თუმცა ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მაინც შესაძლებელია.

გიორგი მაღრაძე

"ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. საერთოდ, ძალიან რთულია ასეთი ფაქტების გამოვლენა, რადგანაც ძარცვა, ძირითადად, ისეთ ადგილებში ხდება, სადაც დასახლებული პუნქტი არ არის.

მაშ, როგორ უნდა მივიდეს ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებამდე?! ალბათ, საჭიროა მონიტორინგის სისტემის შემუშვება და მეტი კონტროლი ასეთი ტიპის ძეგლებზე. ამასთანავე, აუცილებელია, საინფორმაციო, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძეგლებს ძარცვავენ და თუ რამე საეჭვოს შენიშნავენ, უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. შესაძლოა, ეფექტიანი იყოს კანონის გამკაცრებაც. მოქმედი რეგულაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება ან ძარცვა მხოლოდ ჯარიმით ისჯება. საერთოდ, კი კულტურული მემკვიდრეობის ძარცვასთან ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია ძალზედ რთული და ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვისაც კი მიუღწეველი მიზანია. ჩვენი ქვეყნის, მსგავსი მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის კი ამის განხორციელება თითქმის შეუძლებელი ჩანს. თუმცა სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებით და სწორი მენეჯმენტით შესაძლებელია ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა“, - გვეუბნება გიორგი მაღრაძე.

ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტოს, თუმცა რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თეა წულუკიანმა რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა და ტორტზე სანთლები მასთან ერთად ჩააქრო

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა