ავტორი:

ყაჯირის მთაზე ნაპოვნია, დაახლოებით, IX - X  საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?

ყაჯირის მთაზე ნაპოვნია, დაახლოებით, IX - X  საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?

2020 წლის 9 თებერვალს, როდესაც “კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის” ექსპედიცია სატორგეს სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, ცენტრის დაფუძნებელმა ანზორ მჭედლიშვილმა, ყაჯრის მთის ქედზე გამოქვაბული შენიშნა. მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთ ექსპედიციას ჩაუვლია, თუმცა მანამდე რატომღაც არავის შეუმჩნევია ეს "საეჭვო სიცარიელე“, რომლის მიღმაც თურმე ძველი, უნიკალური გუმბათიანი ტაძარი იმალებოდა.

ანზორ მჭედლიშვილი

სატორგედ წოდებული კულტურული მემკვიდრეობის სივრცე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. კერძოდ, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირას, დალის წყალსაცავის სიახლოვეს. კომპლექსი ე.წ. ყაჯირის მთის ქედებზე, კლდეშია გამოკვეთილი და სიგრძეში დაახლოებით 10-მდე კილომეტრზეა გაშლილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სატორგე სასულიერო დანიშნულების გარდა, სამხედრო-სტრატეგიულ ფუნქციასაც ასრულებდა. ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ კომპლექსის გეოგრაფიული მდებარეობა - სატორგე მიმდებარე ტერიტორიის ყველაზე მაღალ წერტილზეა გაშენებული, გარდა ამისა, ერთ-ერთ ქედზე აღმოჩენილია კოშკის ნაშთი, რომელიც, მკვლევარების ვარაუდით, სათვალთვალო ობიექტი უნდა ყოფილიყო.

ანზორ მჭედლიშვილი ამბობს, რომ საფუძვლიანი კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა. მისი თქმით, დღეისათვის მიკვლეული სამი ძირითადი კომპლექსი, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძეგლთა სისტემისა, რაც კლდეების სიღრმეში იმალება.

მკვლევარი უახლესი აღმოჩენის იტორიას გვიამბობს და გვეუბნება, რომ ძეგლი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს.

"გასულ წელს, სრულიად შემთხვევით, გზიდან დავინახე ეს გამოქვაბული, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია, რომ რამე განსაკუთრებული იყო და არც შევჩერებულვართ. შემდეგ, როცა ექსპედიციიდან დავბრუნდით და ფოტოებს ვამუშავებდი, გამიჩნდა ეჭვი, რომ კადრში უბრალო გამოქვაბული კი არა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩანდა. მალევე კიდევ ერთხელ წავედით სატორგეში, მაგრამ გამოქვაბულში შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან სპეციალური ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა შეუძლებელია. შემდეგ გარკვეული პერიოდი კოვიდპანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეგვიშალა ხელი და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოვახერხეთ გვენახა, რა იყო გამოქვაბულში", - გვიყვება ანზორ მჭედლიშვილი.

გამოქვაბულში სპეციალისტებს დახვდათ უნიკალური მხატვრული დიზაინის მქონე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც მე-9- მე-10 საუკუნეებით უნდა თარიღდებოდეს. ცენტრმა სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად გაარკვია, რომ 2021 წლის აპრილის თვემდე ამ ეკლესიის შესახებ ცნობები არსად მოიპოვებოდა.

გარდა ამ გარემოებისა, აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობის იმითაც არის, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში არ არსებობს მსგავსი არქიტექტურული დიზაინის ანალოგი.

"მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით შემორჩენილ ეკლესიას ოთხკუთხა ფორმა აქვს. ის სამხრეთით, კლდეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დანარჩენ ქვაბულებს. დღეისათვის, ვიზუალური დაკვირვებით, ყველა კარი ამოქოლილია ნაშალი მასალით და გვერდით ნაგებობებში გასვლა შეუძლებელია. ეკლესიის აღმოსავლეთის მხარე ჩამონგრეულია და საკურთხევლის ფორმის აღდგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ინტერიერში ნალესობის, კედლის მხატვრობის, წარწერების ან სხვა სახის კვალი არ შეიმჩნევა. კედლები თანაბარი სიგრძისაა, დაახლოებით 4-5 მეტრის და თითოეული კედელი ორსაფეხურიანი დეკორატიული თაღითაა მოჩარჩოებული.

ეს სურათი, რაც აღგიწერეთ, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს მხოლოდ ერთი ტაძარი კი არა, დიდი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია", - ამბობს მკვლევარი.

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი ambebi.ge -სთან აღმოჩენის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ამ ძეგლის კვლევითი სამუშაოები.

ლადო მირიანაშვილი

"დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში არაერთი გამორჩეული დიზაინის გუმბათიანი ეკლესიაა, მაგრამ ეს აღმოჩენა სრულიად უნიკალურია. საქმე ის არის, რომ ასეთი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა აქამდე ცნობილ არცერთ მონასტერში არ გვხვდება. ტაძრის დარბაზი დასრულებულია კონუსისებრი გუმბათით, რომელიც სამსაფეხურიან გუმბათის ყელშია ჩასმული. გუმბათის პირველი საფეხური ვიწრო და სადაა. მეორე საფეხური ჩაკვეთილი წრითაა გაფორმებული, მესამე საფეხური კი კუთხეებში ჩაკვეთილი 4 წრით. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ გარეჯელ ხუროთმოძღვრებს ძალზედ საინტერესო არქიტექტურული გემოვნება ჰქონდათ. გარეჯის სხვა მონასტრებშიც გვაქვს გუმბათიანი ტაძრების მრავალფეროვნება: ზოგი სფერულ-გუმბათიანია, ზოგი - კონუსურ-გუმბათიანი. გვხვდება ერთმანეთზე დადგმული სამი ცილინდრიც, მაგრამ ასეთი მცირე ნახევარსფეროიანი ღრმულებით გუმბათქვეშა სივრცის გაფორმება უანალოგოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალმიკვლეული ძეგლი კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის ამ ტიპის ეკლესიების შესწავლის საქმეში. აქვე უნდა ითქვას, რომ კვლევები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგანაც იქ ბევრი რამ არის შესასწავლი და აღმოსაჩენი", - ამბობს ლადო მირიანაშვილი.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის” ინფორმაციით, ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუმბათზე და ეკლესიის ჭერზე შეინიშნება ფართო ბზარები. თუ ძეგლს საკონსერვაციო სამუშაოები დროულად არ ჩაუტარდება, არსებობს დიდი რისკი, რომ ეკლესია სრულად ჩამოიშალოს.

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში