ავტორი:

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?

17 მაისს, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, 21 წლის გ.თ. დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ბიჭს გამვლელი დაესხა თავს და მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა ბიჭმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და მას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე დღეს მოახდინეს და მალევე დააკავეს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი აფხაზეთიდან დევნილი, 36 წლის ლ.ბ.-ა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და გადაყვანილია გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც გაირკვა, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დასკვნებიც არსებობს.

ambebi.ge მომხდარზე დაზარალებულის მამიდას ესაუბრა.

- როგორია თქვენი ძმისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას მოჰყვა მისი დაჭრა და რა დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში?

- უკვე გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან, ამჟამად სტაბილურად არის, გადავრჩით. მას დაზიანებული აქვს ფილტვი და თირკმელი, ელენთა კი ოპერაციისას საერთოდ ამოუღეს.

იმ დღეს გლდანში შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხა უცნობი და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისთვის ეს უბანი უცხოა, მეორედ იყო. შემთხვევა ხიზანიშვილის 52-თან მოხდა, არ არის ხალხმრავალი ქუჩა. როგორც მოგვიყვა, უცხო მამაკაცი კიბეზე იდგა, რომელსაც აუარა გვერდი და ამ დროს ზურგში დარტყმა იგრძნო. მას ეგონა, მუშტი დაარტყეს, თურმე დანა დაურტყამს სრულიად უცხო ადამიანს. ბიჭს ზურგში ორი, წინიდან კი ერთი ჭრილობა აქვს. თურმე გულში უმიზნებდა დანას, მაგრამ როგორღაც აირიდა. ფაქტია, რომ ელენთა ამოღებულია, ფილტვი - დაზიანებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩით. ის ადამიანი ჩემს ძმისშვილს აბსოლუტურად არაფრის გამო დაესხა თავს, არც იცნობდა და ხმაც არ გაუციათ ერთმანეთისთვის. არიან თვითმხილველებიც. ის ადამიანი იქვე ცხოვრობს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შინ ასულა. პოლიციამ ძალიან ოპერატიულად იმუშავა, დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე მოხდა და საღამომდე დააკავეს.

ბიჭმა თვითონ გამოიძახა სასწრაფოც და პოლიციაც და ყველამ ოპერატიულად იმუშავა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით, მაგრამ ფონი არის მძიმე - ბავშვმა დიდი სტრესი მიიღო. ის ალასანიას უნივერსიტეტში სწავლობს, სამართლის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე როცა იყო, მამა ავად გახდა და საგნების გადავადება დასჭირდა, მანამდე ლექცია არ გაუცდენია და ქულები საშუალოზე უკეთესი აქვს. ბავშვს გეგმები ჰქონდა და რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა უწევს...

რატომ ვარ იცით, აღშფოთებული? კანონი ითვალისწინებს, რომ ოჯახმა ნებაყოფლობით უნდა გადაწყვიტოს, აბარებს თუ არა შვილს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მაინტერესებს, რამდენად არის ჩვენს საზოგადოებაში პასუხისმგებლობა გაცნობიერებული და ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის წინაშე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- თანამედროვე მიდგომებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მკურნალობა, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, თუ საფრთხე ექმნება მისი, ან სხვა პირების ჯანმრთელობას... თუ იცით, მსგავსი რამ აქამდეც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი?

- როგორც შევიტყვეთ, ის ადამიანი შეურაცხადია და არაერთგზის ნამკურნალევი, სავარაუდოდ, აქვს მეორე ხარისხის შიზოფრენია. ოჯახი ამბობს, ასეთი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა, არავის დასხმია თავსო. ეს არის სერიოზული პრობლემა. ის ოჯახიც ალბათ უმძიმეს მდგომარეობაშია... როცა ოჯახი აცხადებს, რომ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, სად ჩანს ეს, კანონი არეგულირებს? არავინაა დაზღვეული მსგავსი შემთხვევისგან, დიდია საფრთხე და ჩვენმა ბავშვებმა ხომ უნდა განაგრძონ ცხოვრება? ჩვენ ღმერთმა გადაგვარჩინა და მადლობელი ვარ, მაგრამ ყველა გადარჩება? სახელმწიფოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ხომ აქვს? ასეთი ადამიანი დადის ქუჩაში და საფრთხეს უქმნის ხალხს. ვინ იცის, ასეთი კიდევ რამდენია ჩვენს ირგვლივ? მგონი, ის დროა, საზოგადოებამ ამაზე ხმა ამოიღოს...

- თავდამსხმელის ოჯახი თუ დაგიკავშირდათ, ან ექსპერტიზის პასუხი თუა თქვენთვის ცნობილი?

- არა, მათგან არავინ მოსულა, არავინ დაგვლაპარაკებია. თავდამსხმელი 36 წლის მამაკაცია და ამბობენ, რომ ამ ადამიანს შიზოფრენია აქვს, რასაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილობას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, მას ხონის დაწესებულებაში გადაიყვანენ და იქ მოიხდის სასჯელს. ექსპერტიზა გადაწყვეტს მისი შეურაცხადობის საკითხს...

- სამწუხაროდ, არ არსებობს სახელმწიფო სერვისები, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნებენ...

- მაინტერესებს, ოჯახზე უნდა დავკიდოთ ეს პასუხისმგებლობა? მზად არის ოჯახი პასუხისმგებლობისთვის? რა გზას უნდა დაადგეს საზოგადოება, როცა კანონი ბუნდოვანია? იქნებ ტელევიზიებმა კინკლაობას თავი დაანებონ და საზოგადოებრივ პრობლემებზე დაიწყონ მსჯელობა? ეს არ არის მარტო ჩემი ოჯახის ტკივილი. ჩვენ ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ, ამხელა ტრავმის შემდეგ, უნდა შემეძლოს, ხვალ მაინც გავუშვა გარეთ ჩემი შვილი ქუჩაში უსაფრთხოდ. საჭიროდ მიმაჩნია და დროა, ეს საზოგადო განსჯის საკითხი გახდეს. რამდენი ახალგაზრდა შეიძლება იმსხვერპლოს ამდენმა მოუგვარებელმა, გადაუჭრელმა პრობლემამ, როდემდე ვილაპარაკოთ ჩვენს სამზარეულოში, როცა შეიძლება დავსხდეთ და საჯაროდ დავიწყოთ სჯა-ბაასი? მადლობას ვეუბნები ექიმებსაც და პოლიციასაც, რომლებმაც სანამ ჩვენ მივედით, ყველაფერი გააკეთეს. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, იმით ვარ უკმაყოფილო, რომ ეს საფრთხე არის საზოგადოებაში და ამაზე არავინ ზრუნვას.

ჩემს ძმისშვილს თვითონ აქვს ნათქვამი პოლიციისთვის, შეყვარებულთან მივდიოდიო. რომ მცოდნოდა, გლდანში შეყვარებულთან მიდიოდა, დავუშლიდი? რატომ უნდა მომსვლოდა აზრად, ასეთი უბედურება რომ დაგვატყდებოდა? ჩემს უფლებას სამართლებრივი გზით, ყველა ვარიანტში დავიცავ, გელაპარაკებით არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ქვეყანას თუ ჰყავს მასმედია, ინტელიგენცია, ქვეყანას თუ საღი აზრი შერჩენია, ამაზე უნდა ფიქრობდეს და მსჯელობდეს. საზოგადოებას, უპირველესად, უნდა ეტყობოდეს, რომ ის მოქალაქეობრივად აზროვნებს და მარტო თავის ჯამს არ ჩასცქერის. ასე რომ, ვიფიქროთ ამ პრობლემაზე, საფრთხეები თავიდან რომ ავიცილოთ.

სოფელ გუმათში პოლიციასა და "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს - შსს

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ,  დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე" - შსს-ს განცხადება

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?