ავტორი:

"ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია" - როგორ აფასებს გია ვოლსკი ევროპელების გზავნილს და რა საფასურზე საუბრობენ ექსპერტები

"ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია" - როგორ აფასებს გია ვოლსკი ევროპელების გზავნილს და რა საფასურზე საუბრობენ ექსპერტები

ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების განცხადებას.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით "იმუქრებიან", გაუგებარია.

"რასაკვირველია, ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს. არამგონია, რომ 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება არის მკაფიო სიგნალი და ქვეყანა დასავლური განვითარების გზას რომ დაუბრუნდეს, საჭიროა სიტუაციის შებრუნება.

„ევროკავშირის მხრიდან ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, ის არის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება. მათ რა ბერკეტებიც გააჩნიათ, ამის ამოქმედებაზე მიდის საუბარი. საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა, ჩამოაშოროს ქვეყანა დასავლური განვითარების გზას. ამას ექნება თავისი საფასური და ამას რაც მალე მიხვდებიან, მით უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და თავის ნაჭუჭში ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს განგაშის ზარი. ეს არის მკაფიო და მკაცრი სიგნალი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ბუნებრივი განვითარების გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს, არამედ დასავლეთის მხრიდან კიდევ დამატებითი ზომები არის მოსალოდნელი.

ევროკავშირის ბუნება ვინც იცის, იგი არ არის ხოლმე ძალიან მკაცრი. მას დიპლომატიური მიდგომები აქვს და ცდილობს აგიხსნას, რა და როგორ. ვფიქრობ, რომ ამაზეც იქნებოდა მინიშნებები დახურულ კარს მიღმა, უბრალოდ, ეს არაფრად ჩათვალეს. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი და ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის შებრუნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროული და საჭიროა“ , - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბატიაშვილმა.

ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება და ამ ყველაფერში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„ამ ყველაფერზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, რადგან მას აქვს ყველა ბერკეტი. უარი მოლაპარაკებებზე, რასაც ღიად აფიქსირებდნენ, არის ქვეყნის დამღუპველი. ახლა ევროკავშირმა ყველაზე მკაფიო სიგნალები გამოუშვა. რაც უფრო მალე მოეგება ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა გონს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის.

ეს ყველაფერი ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და უკვე აისახა კიდეც. თავად ის ფაქტი, რომ სანქციების და დახმარების შეჩერების თემა განიხილება, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამღუპველია. შემდგომში ნატოსთანა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მსგავსი პრობლემები იქნება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვანო მაჭავარიანის შეფასებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციის “გადაგდება” და ევროკავშირის “გადაგდება” ერთი და იგივე არ არის.

როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი არის ორივე მხარეზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ იმაზე, რომ ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოებრივ კრიზისში არ გადაიზარდოს, მმართველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით არ შეიქმნას პრობლემა, მაგრამ ხაზგასმით არის საუბარი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაზე. კერძოდ, მაჭავარიანის თქმით, მათ უნდა მიიღონ ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და საშუალებას მისცემს ოპოზიციას რეალურად იმუშაოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

„ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციას, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის ამომრჩევლის მიერ იქნა არჩეული, საშუალება ექნება იმუშაოს პარლამენტში ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გეგმაში არის წარმოდგენილი და ის წინაპირობა, რომელიც არსებობს, რომ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა იჭერდე და დასდევდე, ეს ნომერ პირველ საკითხადაა დაყენებული ყველა მოლაპარაკების დროს. ევროპარლამენტარებს ეს ძალიან კარგად ესმით, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კრისტიან დანიელსონის მორიგი მცდელობა, დაეახლოვებინა პოზიციები და შეთანხმება მიღწეულიყო, ჩავარდა, რამაც თავისთავად ევროკავშირის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც წესი, დიპლომატიური საქმიანობის შემდგომი ნაბიჯი არის ქვეყნის მიმართ, ე.წ. პირობების შემოღება, რომელსაც შემდეგ უკვე მოყვება ფინანსური სანქციები, როგორც პიროვნული, ისე პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ასევე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. უნდა გააცნობიეროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ოპოზიციის „გადაგდება“ და ევროკავშირის „გადაგდება“ ერთი და იგივე არ არის. ხოლო, ის შედეგები, რაც მოყვება ასეთ ხისტ პოზიციას, ოპოზიციის სიძულვილს, არ ექნება რაიმე შედეგი ქვეყნისთვის და არც მათთვის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა

შეგასენებთ, რომ რომ ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს განცხადება და გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი