ავტორი:

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?

გთავაზობთ ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის მარკუს დიუ-სოტოის სტატიას, მცირე შემოკლებით:

უძველესი ცივილიზაციებისთვის მათემატიკის მეცნიერება - დროის გაზომვიდან დაწყებული საზღვაო ნავიგაციის ჩათვლით - ბევრი დარგის განვითარებისათვის ერთგვარ მთავარ ინსტრუმენტს, მთავარ ბერკეტს წარმოადგენდა.

დასავლური ცივილიზაციისათვის მათემატიკის ისტორია ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და საბერძნეთში იწყება, მაგრამ მათი დაცემის შემდეგ დასავლეთში მათემატიკის განვითარება, ფაქტობრივად, რამდენიმე საუკუნით შეჩერდა. ამ დროს კი მათემატიკის განვითარებამ შორეულ აღმოსავლეთში ახალ მწვერვალებს მიაღწია.

ძველ ჩინეთში, იმპერიის მტრებისაგან დაცვის მიზნით, "ჩინეთის დიდი კედლის“ მშენებლობის დაპროექტებისა და მისი მშენებლობისათვის მათემატიკა საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენდა. საერთოდ კი, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია - ჩინეთის იმპერატორის სასახლის ცხოვრება ციფრებს და რიცხვებს ექვემდებარებოდა.

  • მათემატიკა და დაგეგმვა

იმპერატორის მიერ გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღება კალენდრისა და ციური პლანეტების მოძრაობის საფუძველზე ხდებოდა, მათემატიკური მოდელები და იდეები გავლენას ახდენდნენ იმაზეც კი, თუ როგორ უნდა გაეტარებინა იმპერატორს დღეები და ღამეებიც კი. მისმა მრჩევლებმა, მაგალითად, მოიფიქრეს, თუ როგორ ჰქონოდა იმპერატორის ჰარამხანაში თითოეულ ქალს იმის გარანტია და იმედი, რომ უზენაესი მმართველი მას უყურადღებოდ არ დატოვებდა.

ღამეული ვნებების გრაფიკი გეომეტრიული პროგრესიის ფორმულებს ემყარებოდა. ლეგენდის თანახმად, 15 ღამის განმავლობაში იმპერატორი თავის ჰარამხანის 121 ქალთან უნდა დაწოლილიყო, კერძოდ - თავის მთავარ ცოლთან, სამ უფროს ცოლთან, ცხრა უმცროს ცოლთან, 27 ხარჭასთან და 81 მონა ქალთან.

ქალების ყოველი მომდევნო ჯგუფი რაოდენობით სამჯერ მეტი იყო წინაზე. პირველი ღამე იმპერატრისას ეკუთვნოდა, მომდევნო ღამე იმპერატორს სამ უფროს ცოლთან უნდა გაეტარებინა, მესამე ღამე - ცხრა უმცროს ცოლთან. მომდევნო სამი ღამე კი იმპერატორი 27 ხარჭასთან ერთობოდა - მასთან ყოველღამ ცხრა ხარჭა მიჰყავდათ, დანარჩენ ღამეებს კი ჩინეთის მმართველი მონა-ქალებთან ატარებდა - ყოველ ღამით 9 მონა... ასეთი "გრაფიკი“ იმის გარანტია იქნებოდა, რომ იმპერატორი წვება თავისი ჰარამხანის "უმაღლესი რანგის ქალებთან“ სრულმთვარეობისას - ანუ იმ დროს, როცა ქალის ძალა (ჩინურად - "ინი“) თავის აღზევებას განიცდის და შეესაბამება მამაკაცის ძალას ("იანს").

იმპერატორის მრჩევლები, ადგენდნენ რა გრაფიკს, უპირველესად იმაზე ზრუნავდნენ, რომ მმართველს ღირსეული, უფრო სწორად კი - ყველაზე საუკეთესო მემკვიდრე ჰყოლოდა.

თუმცა მათემატიკური იდეებითა და ფორმულებით მხოლოდ იმპერატორის სასახლის ცხოვრება არ განისაზღვრებოდა - მათემატიკის საფუძველზე იყო აწყობილი თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე.

  • მათემატიკით "გატაცებულნი“...

ძველი ჩინეთი მზარდ იმპერიას წარმოადგენდა, რომელიც უდიდეს ტერიტორიას მოიცავდა - მკაცრი სამართლებრივი კოდექსით, სრულყოფილი საგადასახადო და გაზომვითი სისტემებით, აგრეთვე ფულის არსებობით.

ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა აღრიცხვის (ათვლის) ათობითი სისტემა, რომელიც დასავლეთმა მხოლოდ ათასი წლის შემდეგ შეითვისა.

ერთ-ერთი მითის თანახმად, მათემატიკა ჩინეთი ლეგენდარული მმართველის - ჰუან დის, ანუ "ყვითელი იმპერატორის“ ბრძანებით შექმნილა, ჩვენს ერამდე 2800 წლით ადრე. იმ პერიოდში ჩინელებს სჯეროდათ, რომ ციფრებს კოსმოსური მნიშვნელობა ჰქონდათ, თუმცა რაღა შორს წავიდეთ: დღესაც კი ჩინელები დარწმუნებულნი არიან, რომ ციფრებს მაგიური ძალა აქვთ: კენტი რიცხვები მამაკაცს შეესაბამება, ლუწები კი - ქალს. ჩინეთში ცდილობენ ციფრ "4“-ს ყველანაირად თავი აარიდონ, ხოლო ციფრ "8“-ს ბედნიერად თვლიან.

ჩვენი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნისათვის ჩინური თეორემა ნაშთის შესახებ გამოიყენებოდა ასტრონომიაში - პლანეტების მოძრაობის გამოთვლის მიზნით და დღემდე მას თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა არ დაუკარგავს: მაგალითად, ქსელებში მონაცემთა დაშიფვრისას. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ