ავტორი:

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხილ ბენიძე პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთებულ კრიტიკულ განცახდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გასული ერთი დღე საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც რამდენიმე წელი ვიმუშავე "სამართლიან არჩევნებში" და დიდი პირადი და ემოციური ბმა მაქვს ამ ორგანიზაციასთან. არანაკლებ და უფრო მძიმე იქნებოდა ეს დღე და მანამდე პერიოდი ჩემი ყოფილი კოლეგებისთვის ISFED-ში, რომელთა საქმისადმი ერთგულებასა და თავდადებაში დარწმუნებული ვარ.

მქონდა საუბარი მათთან და ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულ და პრაქტიკულად წარმოუდგენელ შეცდომას ჰქონდა ადგილი - PVT მონაცემთა ანალიზის პროგრამის (ე.წ. software) კოდში ერთ-ერთ ველში არასწორი ფორმულა ჩაიწერა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა და PVT-ს გუნდს უბრალოდ აზრადაც არ მოუვიდოდა პროგრამისტის მსგავსი შეცდომა. (ამიტომაც არავინ იფიქრებდა ამაზე აუდიტამდე, რაც რუტინულად რამდენიმე კვირის მერე ხდება ხოლმე და წლევანდლამდე რაიმე განსაკუთრებული არც არასდროს გამოუვლენია) არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, მაგრამ მოხდა.

ძალიან რთული ამბავია ISFED-ისთვის, და არანაკლებ რთულია შეცდომის აღიარება, რაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს და გამბედაობას მოითხოვს. ეს შეცდომა ყველაზე მტკივნეული თვითონ ISFED-ისთვის არის და ვიცნობ რა "სამართლიანი არჩევნების" გუნდს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ვერანაირი ზეწოლა და ვერც ვერანაირი მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. ვყოფილვართ ერთად ზეწოლის პირობებშიც, გამომიცდია და ვიცი. სისულელეა ამაზე ლაპარაკიც კი.

რაც მთავარია, ეს შეცდომა არაფერს ცვლის ISFED-ის PVT-ს მთავარ მიგნებასთან დაკავშირებით - ოქმების დისბალანსები უბნების 8%-ზე, რომლის მსგავსიც, მე რაც მახსოვს, 2012 წლიდან არასდროს ყოფილა. სწორედ ეს იყო PVT-ს უპრეცედენტო მიგნება, რაც ეჭვებს აჩენდა, რომ ამ უბნებზე დისბალანსს (და მის სავარაუდო მიზეზს) შესაძლოა შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

საარჩევნო ოქმებში დისბალანსები, ის რომ იმავე "სამართლიანი არჩევნების" 162 საჩივრიდან (რომლებიც კონკრეტულად ოქმებს ეხებოდა) 93% არ დაკმაყოფილდა, პრობლემური უბნების მასშტაბური გადათვლა არ მომხდარა და სადაც გადაითვალა, იქ არაერთი პრობლემა აღმოჩნდა ფაქტად რჩება. შესაბამისად, PVT შედეგების 1.8%-ით ცვლილება პასუხისმგებლობას არავის არიდებს.

ცალკე ამბავია, რომ მაჟორიტარულ შედეგებს PVT ისედაც არ ითვლიდა და მაჟორიტარულ ოქმებში თუ რამე დისბალანსები იყო, ეს იმ 8%-ს მიღმაა.

ISFED-მა თავისი შედეგები გადათვალა, რათა გამოევლინა ხარვეზი. ანალოგიურად, საარჩევნო ადმინისტრაციასაც უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და გადაეთვალა პრობლემური უბნები.

მესმის საყოველთაო იმედგაცრუება PVT-ს შედეგებთან დაკავშირებით. ძალიან იმედგაცრუებული ვარ მეც. ამ ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია, რომ საზოგადოება ISFED-ის შეცდომამ გააბრაზა და გულიც დაწყვიტა. ნდობის დეფიციტის პირობებში, რთულია როცა ინსტიტუცია რომელშიც ეჭვი არ გეპარება, შეცდომას დაუშვებს. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ISFED არაერთხელ დაამტკიცებს თავის პროფესიონალიზმს და სიმართლისადმი ერთგულებას.

ჩემი თანადგომა "სამართლიანი არჩევნების" გუნდის წევრებს, რეგიონულ წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს. ამ არჩევნების პერიოდში, ვიცი როგორ არ იშურებდნენ ძალისხმევას და ღამეებსაც კი ათენებდნენ, რომ დარღვევები აღერიცხათ და პანდემიის შეზღუდვებშიც კი ფართომასშტაბიანი მონიტორინგი განეხორციელებინათ. ვიცი, რადგან მეც მათთან ერთად ვიყავი სულ რამდენიმე თვის წინ. მინდა გავამხნევო თითოეული მათგანი. მე ზუსტად ისევ ისე ვამაყობ, რომ ISFED-ში თქვენთან ერთად ვმუშაობდი. მჯერა, მომავალშიც გააგრძელებთ დემოკრატიის და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნას!".

ცნობისთვის, ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%.

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს