23 ნოემბრიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალი აღთქმის განმარტებებს დაეთმობა. გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ჟურნალ „კარიბჭის“ ერთობლივმა პროექტმა - წიგნების სერიამ „ბიბლია განმარტებებით“ - პირველი ტომების გამოცემისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მე-15 ტომით დასრულდა ძველი აღთქმის განმარტებები. 23 ნოემბრიდან კი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად მკითხველი სპეციალურ ფასად მიიღებს მე-16 ტომს, რომლითაც ახალი აღთქმის განმარტებები იწყება.
ახალი აღთქმის განმარტებებს 9 ტომი დაეთმობა. მათში ერთად იქნება თავმოყრილი წმინდა მამათა განმარტებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დღემდე ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი.
„მე-16 ტომიდან დაიწყება ახალი აღთქმა და ჩვენ გავხდებით თანამონაწილენი საოცარი პროცესისა - ვნახავთ, როგორ აღსრულდება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი ყოველი ფრაზა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყოველი დეტალიც კი, როგორ აღასრულებს უფალი ადამიანისათვის მიცემულ დაპირებას, აღთქმას.
როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.
იშვება განკაცებული მაცხოვარი და ძველაღთქმისეული აკრძალვის კანონების ნაცვლად, სრულიად ახალ, სიყვარულის ცოდნის მოძღვრებას დაგვიწესებს ცხონებისათვის.
ახალი აღთქმის პირველი ნაწილია "ოთხთავი", ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა", "კათოლიკე ეპისტოლენი", "წმინდა მოციქულ პავლეს ეპისტოლენი" და "გამოცხადება იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი", - აღნიშნავს თამარ მამაცაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.
პროექტს „ბიბლია განმარტებებით“ თეოლოგები, მრევლი, სასულიერო პირები საუკუნის უმნიშვნელოვანეს პროექტად აფასებენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ეს უმნიშვნელოვანესი გამოცემა სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე სასწავლო პროგრამაში შევიდა.
„პროექტის სახელიც ცხადყოფს, თუ რამდენამ მნიშვნელოვანი საგანძურია „ბიბლია განმარტებებით“. ერთის მხრივ, მასში წარმოდგენილია ბიბლიური მუხლები, შესაბამისი თავები და იმავდროულად, ამ მუხლების განმარტებები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, რომ ისეთი წიგნით იხელმძღვანელოს, სადაც ეს ორივე მხარეა გაერთიანებული“, - ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის დოქტორი.
შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 15.00.
იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან დარეკეთ ნომრებზე: 0(32)2382673; 0(32)2382674 და elva.ge ადგილზე მოგართმევთ.