ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას.
„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, - აღნიშნავენ „ლელოში“.
არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს ასევე "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და აღნიშნვს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
"არჩევნები იყიდეს, ჩაატარეს შანტაჟით, გაყალბებით. ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ არჩევნები ლეგიტიმურად იყოს ცნობილი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი უნდა დაისვას და უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები. ის ვაჭრობა, რომელიც მიდის ხელისუფლების მხრიდან, ნახევარ პროცენტს მოგიმატებენ თუ ერთ მანდატს, თუ ჩვენ ამაში შევყვებით ხელისუფლებას, ჩვენც ვაჭრობის ისეთივე მონაწილეები ვიქნებით, როგორც ხელისუფლების წევრები არიან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გაჩუმებას არ აპირებს.
„პირადად არაფერზე გაჩუმებას არ ვაპირებ. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოგდებულ ერთ ან ორ მანდატს ჩემი პრინციპები შევალიო. შევახსენებ, რომ პარლამენტის წევრის სავარძელი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დავთმე საკუთარი პრინციპების დასაცავად. ჩემი აზრით, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილს არჩევნები გავუფორმეთ, საქართველოში არჩევნები საერთოდ აზრს დაკარგავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები განიხილავენ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.
მისივე თქმით, დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაში ,,ევროპული საქართველოც" მიიღებს მონაწილეობას.
„შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არჩევნები იყო თავისუფალი. სერიოზული კითხვის ნიშნები არის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება საპროტესტო აქცია 4 საათზე, შემდეგ გვექნება შიდაპარტიული კონსულტაციები იმაზე თუ როგორ ვიმოქმედებთ. ლეგიტიმაციის პრობლემას ვხედავ, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ნამდვილად განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ პარტიის შიგნით კონსულტაციების შედეგად. ჩვენ, ,,ევროპული საქართველო" აუცილებლად ვიღებთ მონაწილეობას აქციებში, იმიტომ, რომ ჩვენ ვალი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც ნახეს, რომ მათი ნება არ იყო ბოლომდე ასახული ბიულეტენებში და შედეგებში", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.
„ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! - მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,“- განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციას თავს ესხმოდნენ, იმ შედეგის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება აღმოჩნდა.
„ჩვენ ყოველთვის ოპოზიციის ერთობას ვუჭერთ მხარს ბოლომდე, ამიტომ მოვედი აქ, რომ გავიაროთ ყველამ ერთად სამოქმედო გეგმა. ის, რომ ეს არ არის ადეკვატური პროცესი და ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, ფაქტია, ამიტომ წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებას, მინდა მოვუსმინო ჩემს ოპოზიციურ კოლეგებსაც. მე ჩემი ხედვები მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, გეგმა ყოველთვის გვაქვს და ამ გეგმას აუცილებლად შევთავაზებ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოპოზიციებს ურტყამდნენ და მათ შორის ჩვენც თავს გვესხმოდნენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა იმ შედეგების, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თვითონ ვერაფერს ვერ მოიმკის, როცა სხვას ესხმის თავს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
გამარჯვება შეიძლება იყოს მიღწეული მეორე ტურებშიც, თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გაყალბების მასშტაბები მნიშვნელოვნად უკან წაიღოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას. ასევე, იქნება თუ არა აქტიური ქუჩაში ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა.
„ხელისუფლებამ ვერ დაამარცხა ქართველი ამომრჩეველი და ამიტომ აღასრულა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომ წამოეწყო არჩევნების ტოტალური გაყალბება. გაყალბებას წინ უძღოდა საარჩევნო დღის განმავლობაში უამრავ უბანზე ძალადობა, მოსყიდვა და ეს ყველამ ვნახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პირველყოვლისა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ანგარიშვალდებულია იმ 2 მილიონი ადამიანის მიმართ, ვინც ამ უმძიმეს პირობებში ხმა მისცა საქართველოს მომავალს. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის ნება ნამდვილად არ არის ამ ხელისუფლების დარჩენა. უმნიშვნელოვანესია ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები არჩევნებისა. ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ შეფასებებს, ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.
დიდი მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა ის ამომრჩეველი აქტიური ქუჩაში, რომელმაც ხმა მისცა ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში მხოლოდ ბიულეტენით ვერ იცვლება ხოლმე ხელისუფლება, ბიულეტენს სჭირდება ხოლმე მიხმარება და დაცვა ქვეყნის შიგნით. დღევანდელი მიტინგი, მისი მასშტაბურობა და მომავალი საპროტესტო აქციებიც იქნება უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, მივაღწევთ თუ არა ან ამ კატასტროფული გაყალბების მინიმიზებას, ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. გამარჯვება შეიძლება იყოს მიღწეული მეორე ტურებშიც, თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გაყალბების მასშტაბები მნიშვნელოვნად უკან წაიღოს. უმნიშნელოვანესი იქნება ამერიკის და ევროპის პოზიცია, სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლება ვერ იცვლება მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანით, მას სჭირდება დასავლური დადასტურება", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე აუცილებლად მივა, რადგან ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვება „არჩევნები 2020-ში“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს მე აქციაზე აუცილებლად მივალ, როგორც თანამონაწილე, ვაპირებ მივიდე შვილთან ერთად. ჩემი ამომრჩეველი წარმოადგენს ცოტ-ცოტას იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რაც ჩვენ გვყავს. ამომრჩევლის დაკვეთა დღეს არის პროტესტი, შესაბამისად, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ამომრჩევლის ბრძანება.
„მარტო სახლში“, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო სახლში“, - განაცხადა დოლიძემ.
შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სამოქმედო გეგმას გავივლით იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, მოსყიდვა და ძალადობა საარჩევნო პროცესის თანმდევი იყო.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ამგვარი არჩევნების აღიარება და მისთვის ლეგიტიმურობის მიცემა სრულიად გაუმართლებელია. „ არჩევნები გაყალბდა. სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარეობდა შედეგების გაყალბება და ყალბი რიცხვები შეიყვანა ოქმებში, ამან გააჭიანურა შედეგების გამოცხადება. დღეს მოვუწოდეთ ჩვენს წევრებს, რომ ხელი არ მოაწერონ არცერთ შესწორებულ ოქმს, რომლებიც გაყალბებულია და ხვალიდან გამოვიწვევთ მათ კომისიებიდან. იმდენად დიდი იყო გაყალბების მარჟა, რომ ბიულეტენებზე ბალანსი ვერ დასვეს და დღეს მასიურად დაიბარეს კომისიის წევრები, რომ ახალ ოქმებზე მოეწერათ ხელი და ამით შედეგები გაემართლებინათ, რომელიც ციდანაა მოტანილი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ამაზე სანდო ეგზიტპოლები მეტყველებს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.