საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს.
თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.
„გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება.
ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები.
ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე).
4 დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება.
თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ბევრი პრევენციული სამუშაო მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ნარინჯისფერ და წითელი ზონის ქვეყნების რიგში არ მოხვდეს.
”საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, აჭარიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ადგილი არ აქვს.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმში შემთხვევების მატება გეომეტრიული პროგრესით არ ხდება და მდგომარეობა სტაბილურდება.
„შემთხვეევბის მატება აღინიშნება ძირითადად ბათუმის ხარჯზე. კეთილსაიმედო პროგნოზის მაჩვენებელი არის ის, რომ შემთხვევების მატება არ არის ბათუმში გეომეტრიული პროგრესით და დღეების განმავლობაში 2 ან 3 ათეულია. მე გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან. იქ მდგომარეობა სტაბილიზირებას უახლოვდება და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უფრო უკეთესი პროგნოზის მაჩვენებელი გვექნება აჭარის რეგიონიდან.
რაც შეეხება ზოგადად, გარკვეული მატება იყო იმერეთშიც. აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ გვაქვს. ამდენად ჩვენი მთავარი სტრატეგია მიმართულია ბათუმისკენ და შემთხვევების სტაბილიზაციისკენ“, - განაცხადა გაბუნიამ.