ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ 5-ს დაუდასტურდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში, დინამოს ბაზრობაზე რანდომული კვლევაა დაწყებული.
„მნიშვნელოვანია, რომ სხვა ბაზრობებზეც ვატარებთ კვლევას. ეპიდემიოლოგიური კვლევიდან გამომდინარე, სხვა ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება. თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ, რანდომულ კვლევას, რომლის თანახმადაც, თბილისში, სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანს ჩაუტარდება ტესტირება. ამის შემდეგ ტესტირება გაგრძელდება იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ შეკრებილი. ასეთი რანდომული კვლევა დინამოს ბაზრობაზე უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობებზე კი ეპიდსიტუაციიდან და ბაზრობების მონაცმებიდან გამომდინარე ვეგმავთ ტესტირებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის, რომ ვირუსის გამოვლენა და სიმძიმე მეტ-ნაკლებად დაკლებულია, არ ნიშნავს, რომ ის შემოდგომაზე თავის ხასიათს არ შეიცვლის.
„რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს მეტ-ნაკლებად დაკლებულია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ შემოდგომაზეც მას ექნება იგივე გამოვლენა, სავსებით შესაძლებელია რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის თავის გამოვლენის თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რაც შეეხება რა რაოდენობას ველოდებით და რა მასშტაბის იქნება ვირუსის გამოვლენა, ეს სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და ასევე მათ დამყოლობაზე როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან. ასევე როგორ შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, რომ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები მატულობს. ჩვენ ვემზადებით ჰოსპიტალურ სექტორში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.