აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ათიდან ერთ-ერთი ფუნქციონალური განყოფილების - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის გაუქმებას აპირებს, რათა გამოთავისუფლებული ფინანსები საომარი მოქმედებების ზონაში მიმდინარე ოპერაციებს მოახმაროს.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა მომავალი წლიდან შიდა კონტრაქტორების 10%-ით, გენერლების, ადმირალებისა და სხვა მაღალი სამხედრო ჩინების წარმომადგენელთა 50 ადამიანით შემცირების შესახებ განაცხადა.
ამასთან გეითსი თავის ადმინისტრაციასა და სამეთაური შტაბებში სამუშაო ადგილების რაოდენობის სამი წლით გაყინვას აპირებს. ასევე არ უნდა გაიზარდოს სამხედრო დაზვერვის სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირების რიცხვი და უნდა გადამოწმდეს, დაზვერვის განყოფილებები ხომ არ ითავსებენ ერთსა და იმავე ფუნქციას.
ცოტა ხნის წინ რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ეძებს გზებს, რათა უახლოეს 5 წელიწადში თავდაცვის სფეროში 100 მლრდ დოლარამდე ეკონომია განახორციელოს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.