ავტორი:

ტაძარი, რომელიც მრევლისთვის არ იყო განკუთვნილი - სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიის ისტორია

ტაძარი, რომელიც მრევლისთვის არ იყო განკუთვნილი - სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიის ისტორია

საქართველოში ბევრი ლამაზი სოფელია, რომელთაც სხვადასხვა ისტორია თუ ლეგენდა უკავშირდება. ამჯერად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

სოფლის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა ასეთია: ლეკიანობისას, მტრის ლაშქარი გრემის გზაზე მიდიოდა, ერთ მეომარს ლოპოტასთან ცხენი შეუგდია წყალში, სადაც ნაფოტი შეუმჩნევია, ამოუღია და სარდლისთვის მიუტანია, რაც მათთვის იმის ნიშანი იყო, რომ იმ ხეობაში ხალხი ცხოვრობდა... ლაშქარი მობრუნებულა, ხეობას აჰყოლია და იქაურობა ნანგრევებად უქცევია, ხალხისთვის კი დიდი ხარკი დაუკისრებიათ.

თურმე, ტყვედ ადგილობრივი გლეხი ჩაუგდიათ, რომელიც ყვიროდა - "არ წამიყვანო თანაო", საიდანაც წარმოდგება სოფლის ახლანდელი სახელწოდება - "ართანა".

სოფელი თელავიდან 21 კილომეტრითაა დაშორებული. ის მდინარე დიდხევის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მ-ზე მდებარეობს. სოფელს ასევე ესაზღვრება მდინარეები - ლოპოტა და ჭიჭაკვი. ართანა უძველესი სოფლების (მოსორნა, ჟუჟურაული, მაჩხაური, იულთა) ნაფუძარზეა გაშენებული. გადმოცემით, XVII საუკუნემდე იულთად მოიხსენიებდნენ, რომლის ტერიტორიაც ჭაობიანი ყოფილა, რის გამოც მალარია გაჩენილა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უმსხვერპლია.

სოფელი ართანა ბევრ ისტორიულ წყაროში იხსენიება, როგორც სპილენძისა და პირიტის (ოქროსფერი მინერალი) საბადოების ერთ-ერთი კერა.

ცნობებს სოფლისა და იქ არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის ერთ-ერთ ტომში, ვკითხულობთ.

  • სოფელ ართანას ისტორიული ძეგლები

დღესდღეობით ართანაში 24 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული - ზოგთან მისვლა ადვილადაა შესაძლებელი, ზოგი კი ტყესა და მიუვალ ადგილზეა აგებული. ამბობენ, რომ "ციხიანებად" წოდებულ ტერიტორიებზე არსებული ციხე-კოშკების ნანგრევები კახეთის მეფის ბრძოლის ველებისთვის სათვალთვალო კოშკს წარმოადგენდა.

V-VI საუკუნეების ძეგლებია: "ჟუჟურაულის ღვთაება", სანიორე-ართანის საზღვარზე მდებარე "სამება", წმინდა გიორგის და თევდორეს ეკლესიები.

X-XI საუკუნეებისაა: "ორმოცის ეკლესია", "ცხრაკარა" წმინდა აბრამის ეკლესია, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და მის გარშემო მდებარე კატარ-პატარა ეკლესიები. შედარებით გვიან არის აშენებული "აღდგომის“ ტაძარი, სოფლის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და "სიმაანთ" ღვთისმშობლის ეკლესია.

  • ართანის წმინდა გიორგის ტაძარი

ამ ძეგლებიდან ართანის წმინდა გიორგის ეკლესია იმით გამოირჩევა, რომ იქ შესვლა მეორე სართულის სამხრეთ კედლიდანაა შესაძლებელი, დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლიდან. ადგილობრივებში ის "უკარო ეკლესიის" სახელითაა ცნობილი.

ეს არქიტექტურული ძეგლი სოფლის ჩრდილოეთით, 500 მეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზეა და ფიქალითაა ნაგები. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (IX-X სს), თუმცა გვინდელი ფენებიც არის გამოხატული, მაგრამ რაიმე დამათარიღებელი ნიშნები არ აქვს.

არის კოშკური ტიპის ორსართულიანია ნაგებობა - ზემოთ სწორხაზოვნად ვიწროვდება და ორფერდა სახურავითაა დასრულებული (სიმაღლე მიწიდან სახურავის კეხამდე - 7 მ). I სართული (ზომები ფუძის დონეზე 4,7-3,5 მ) ყრუკედლებიანი სათავსია, უსარკმლო, II სართული - დარბაზული ტიპის სამლოცველოა.

ეკლესია არ არის მოქმედი, ტაძარს მკვეთრად დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მასში 4 მეტრის სიმაღლიდან შედიხარ. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კედლები დაუმუშავებელი ქვებითაა ნაწყობი, ამიტომ, წყობა არასწორხაზოვანია.

პირველი სართული კამაროვანი სადგომია. სადგომის გადახურვის წყობაში ვიწრო, სწორკუთხა (45x45 სმ) ხვრელია დატანილი, რომლის მეშვეობითაც პირველი სართული მეორეს უკავშირდება. მეორე სართულზე მცირე ზომის, კვადრატული ოთახია და ის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული (სადგომის ფართობი საკურთხევლიანად 5 მ2-მდეა).

მოგვიანებით მისი სათავდაცვოდ გამოყენებისას, მეორე სართულის ინტერიერი შეუცვლიათ: შესასვლელის წინ, მთელ სიმაღლეზე, რიყისა და ნატეხი ქვის სქელი კედელი ამოუყვანიათ, რომელშიც ვიწრო, თაღოვანი კარი მოუწყვიათ.

ძეგლი მსგავსი ტიპის ნაგებობათა საინტერესო ნიმუშია. რეალურად კი, არის პატარა დარბაზული სამლოცველო, რაც სავარაუდოდ განდეგილი ბერისთვის, მესვეტისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც იქ მოღვაწეობდა. ტაძარი მრევლისთვის არ იყო განკუთვნილი.

აღნიშნული ტაძრის ფორმა ჩვეულებრივ სათავდაცვო კოშკებისთვის არ არის დამახასიათებელი, დაბალია და ეკლესიისთვის ძალიან მაღალი, ამიტომაც არის გამორჩეული, თუმცა ანალოგიური ტაძარი არის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაშიც. ის მარიამწმინდის ეკლესია-კომპლექსის ნაწილია, რომელსაც მოხატვის ფრაგმენტებიც აქვს შერჩენილი. მასაც კარი ზემოთ აქვს, დაახლოებით იგივე სიმაღლეზე, როგორც ართანის ტაძარს.

როგორც შევიტყვეთ, მსგავსი კოშკური ტიპის ტაძარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურშიც არის. 9 მეტრი სიმაღლის, საინტერესო ნაგებობაა. შესასვლელი არის მეორე სართულზე მიწიდან 5 მეტრის სიმაღლეზე, იქ სამი სართულია და პატარა სამლოცველო მესამე სართულზეა.

ფოტოები: ფბ-გვერდი "ართანა"

თბილისის რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა