ავტორი:

პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო

პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ბჟანიასთან ერთობლივად იმუშაოს რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობის განმტკიცებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩო აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი