დღეს, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და "სექტორ 3"-ის ორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართა. ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებულმა ემციურმა კადრებმა სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა.
განსაკუთრებით ემოციური ეს ყველაფერი ამ კამპანიის ადრესატებისთვის აღმოჩნდა. ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარიკა ტუღუში მათთვის განსაკუთრებულ მომენტს სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებს:
"დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე-ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით.
დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა - მე ქვეყანას ვემსახურებიო და მივხვდი ,რომ ესაა ყველაზე დიდი საქმე რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ჩვენ ხალხს ჩვენ საქართველოს ვემსახურებით უ ს ა ს ყ ი დ ლ ო თ. ....დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს...." - წერს მარიკა ტუღუში.