32 წლის ამერიკელი ექიმი ნიუ ჯერსიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ამის შესახებ Business Insider წერს.
გამოცემის ცნობით, ჯეიმს ქაი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანია ნიუ ჯერსიში. ის Hackensack-ის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ორი კვირის წინ მოათავსეს.
მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის ასისტენტად მუშაობს, ამბობს, რომ არანაირი თანმდევი დაავადება არ აქვს. ის აღწერს, თუ როგორია ინფიცირების შემდგომი მდგომარეობა.
"დიარეა, თვალებიდან ცრემლდენა, გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და მაღალი სიცხე, ყოველი დღე უარესია“, - ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული.
ექსპერტები აქამდე აცხადებდნენ, რომ კორონავირუსი უფრო სახიფათოა ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც გამოხატული თანმდევი დაავადებები აქვს - კიბო, მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები, თუმცა ჯეიმსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკოვანია და არც თანმდევი დაავადება აქვს, მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა.
პაციენტის თქმით, ის სამედიცინო კონფერენციაზე დაინფიცირდა. "ადამიანებმა კორონავირუსს სერიოზულად უნდა შეხედონ, ეს ძალიან სერიოზული ვირუსია“, - ამბობს ექიმი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინა და დღეს ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 197,573 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 7,900-ს გადააჭარბა. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6,137 დადასტურებული შემთხვევაა, 102 ადამიანი კი გარდაიცვალა.