ავტორი:

BTU-ში იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„ ჩატარდა

BTU-ში იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„ ჩატარდა

საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის კვლევის „ქალი და კაცი საქართველოში“ თანახმად, ქალების 58% ეკონომიკურად აქტიურია. კაცების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 78,2%-ს შეადგენს. ქვეყანაში ქალების დასაქმების მაჩვენებელი 52,9%-ია, კაცების კი - 67,1%.

ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქალებს ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ გენდერული პრობლემის მოგვარებასა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა იდეათონი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ჩატარდა.

იდეათონის გამარჯვებული გახდა პროექტი S4W.GE (Society for Women) - პლატფორმა, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ქალებს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, აკავშირებს ერთმანეთთან, აძლევს მათ საშუალებას, მოიძიონ ახალი საქმიანი კონტაქტები და ასევე მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის საჭირო რესურსები ინვესტორებისგან. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი იდეები ან უკვე მზა პროდუქტები და წარუდგინონ დაინტერესებულ მხარეებს.

გამარჯვებული გუნდი დაკომპლექტებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის მიმართულების I კურსის სტუდენტებისგან. ესენი არიან ელენე ლომსაძე, იოანე რომანაძე,ნინო კვაჭაძე დაელენე ჩაგელიშვილი.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ელენე ლომსაძე განმარტავს, სტარტაპის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ფილტრაციასა და სორტირებას, რათა მიიღონ მათზე მაქსიმალურად მორგებული შედეგები.

„პლატფორმას ეყოლება ორი ტიპის მომხმარებელი - მეწარმე ქალები და კომპანიები/ინვესტორები, რომლებიც რეგისტრაციისას უთითებენ კონკრეტულად ვის და რას ეძებენ. ძიებას ეხმარება ასევე Artificial Intelligence, რომელიც თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე დაყრდნობითა და Matching-ის ფუნქციით შეძლებს შესაბამისი საქმიანი პარტნიორის ან ინვესტორის მოძებნას. პლატფორმაზე დარეგისტრირების სერვისი ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ფასიანი, თუმცა სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის აღნიშნული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეღავათებს.პროექტს ასევე ექნება დონაციის გრაფა, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაურიცხოს სიმბოლური თანხა მეწარმე ქალებს და ამით წაახალისოს ქალთა ჩართულობა ტექნოლოგიებსა და სამეწარმეო საქმიანობაში,“ - განმარტავს ელენე ლომსაძე.

ზოგადად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარებული პროექტები ყოველთვის კონკრენტუნარიანია. სწორედ ასე იყო იდეათონის შემთხვევაშიც. კონკურენცია საკმადო მძაფრი იყო, რადგან მონზაწილეობდნენ გუნდები, რომლებსაც მეტად საინტერესო სტარტაპ იდეები ჰქონდათ და თითოეულ მათგანს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გლობალური პროექტი.

„დარწმუნებული ვარ,აღნიშნული გუნდები უახლოეს პერიოდში განახორციელებენ იდეებს და წარმატებულად გამოჩნდებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც ყველაზე დიდი ხელშემწყობი სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი დიეა გახდა გამარჯვებული.იდეათონის მთავარი თემატიკა ჩვენი გუნდისთვის მეტად საინტერესო საკითხია და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ უმუშავია ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით.ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პროექტში მთელი ჩვენი ენერგია ჩავდეთ, რაც ჟიურის წევრებმაც შენიშნეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, იდეის წარდგენისას ნათლად გვქონდა წარმოჩენილი, რა არის ის მთავარი პრობლემები, რამაც გამოიწვია მასკულინური პროფესიების ზრდა და ქალთა ნაკლები ჩართულობა აღნიშნულ საქმიანობებში, რატომ არის ის აქტუალური საზოგადოებისთვის, რა კონკრეტულ გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას და ვინ არის გუნდი, რომელიც ამ იდეას ბოლომდე განახორციელებს,“ - დაამატა ლომსაძემ.

გამარჯვებულებს UN Women-მაუახლესითაობის ყურსასმენები, ხოლო კომპანია Lab-მადიდი ენერგომოცულობის Power Bank-ები გადასცა. ამასთან, APM Terminals-ის მეშვეობით, გამარჯვებულები დაესწრებიან საგანმანათლებლო ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც გაიღრმავებენ ცოდნას ინოვაციური პროექტების განხორციელების კუთხით.

„პრიზების პარალელურად, მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იდეის განვითარებისა და მზა პროდუქტის შექმნისკენ.უდიდესი წვლილი მიუძღვით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვალიფიციურ მენტორებს, რომლებიც, ჩვენთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ იდეის განხორციელებაში.ამ ეტაპისთვის გუნდის მთელი შემადგენლობა მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ რაც შეიძლება მალე, შევქმნათ მუშა პროტოტიპი, რაშიც დაგვეხმარება უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და სწორედ ამის შემდგომ გაეშვება პლატფორმა ინტერნეტსივრცეში. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია მისი ფუნქციონირება საქართველოს ბაზარზე, თუმცა, ვფიქრობთ, აღნიშნულ პროექტს აქვს გლობალური პოტენციალი და ვგეგმავთ პროექტის გატანას საერთაშორისო ინვესტორებთან წარსადგენად,“ - აცხადებს გამარჯვებული.

იდეათონის ჟიურის წევრები იყვნენ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი მაია ქობალია, „შპს“ გრიფინის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ვაჩიბერიძე, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი ნინო გოგუაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინოვაციების სპეციალისტი ალექსანდრე ღვინჯილია და „ლაბის“ წარმომადგენელი ანა კაჭიური.