ქუთაისში, რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში ორი მოზარდი ჩარჩა და გამოსვლა ვერ მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ.
მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.