გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად“.
მერაბ დეკანოიძის თქმით, მისი ყოფილი რძალი მის შვილს ემუქრებოდა: „ერთი სული მაქვს, შენი თავი მოვაკვლევინო“.
მერაბ დეკანოიძის ინფორმაციით, მისი ყოფილი რძალი იტალიაში იყო წასული 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ბავშვები მამასთან იყვნენ.
„ჩემი შვილი ირაკლი... მე ვერ წარმოვიდგენ სხვა მეორე ადამიანს, მამაკაცს, მშობელს, მამას, რომელიც შვილებს ასე მოუვლიდა. თავისი ხელით ბანდა ბავშვებს. ჩემს ცოლსა და ჩემს ქალიშვილს არ აკარებდა ახლოს. ყველა სამუშაოს თავი დაანება და ამ 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში თვითონ უვლიდა, ამეცადინებდა, სკოლაში მიჰყავდა-მოჰყავდა, გადაყოლილი იყო ბავშვებზე... ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი ესიამოვნებინა და რასაც სთხოვდნენ, გაეკეთებინა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი ინფორმაციით, ყოფილი რძალი იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ „საერთოდ აღარ აკარებდა“ ბავშვებს.
მერაბ დეკანოიძის განცხადებით, ყოფილი რძლის მეგობარი, ვინმე იგორი, მის შვილს ემუქრებოდა.
„ერთი ფაქტი რაც ვიცი, ვინმე იგორი არის, მისი ბიცოლის დეიდაშვილი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა... ღამე, 9 საათამდე, ჩემი შვილი ბავშვებს ელაპარაკებოდა თავის სახლში, გამოართვა ამ ტიპმა ტელეფონი და აგინა ჩემს შვილს დედა. ვინ ხარ, რა ხარო - ჩემმა შვილმა ჰკითხა და წამოდი გაჩვენებ ვინც ვარო და ამა და ამ ადგილას მოდიო, მაგრამ მე ვიძალავე, არ გავუშვი. ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ, იმ ხაზზე ვმუშაობ, დამემგზავრა ერთი ახალგაზრდა. მყავდა მგზავრი მანქანაში, ამოვიდა და მაგის სახლთან გამაჩერებინა. მგზავრობის თანხა გადაიხადა. ვინ ხართ-მეთქი და მე ვარ იგორიო, რუსთავში ვცხოვრობო. შენ არაო, მაგრამ შენი შვილი უნდა „დავბრიდოო“, ჩათვალე, რომ შვილი არ გყავსო, შენი შვილის დედაო ასე მითხრა. მე ვუთხარი ერთი რეისი დამრჩათქო და ჩამოვალ-მეთქი, სად იქნები, დაგელოდები-მეთქი. იმ დღეს ვერ ვნახე ეს პიროვნება და რომ მივედი, ჩემ შვილს ვუთხარი, აღვუწერე ეს პიროვნება, რომ მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა, „ნაკოლკები“ აქვს-მეთქი და ჩემმა შვილმა მითხრა, ეგ არის ღამე რომ დამირეკა და რომ მაგინაო“, - აცხადებს ბრალდებულის მამა.
კითხვაზე საიდან ჰქონდა მის შვილს თავისი ყოფილი რძლის მკვლელობამდე საბრძოლო იარაღი, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ „ნამდვილად არ იცის საბრძოლო მასალა საიდან ჰქონდა“.
კითხვაზე, თუ თავისი ყოფილი ცოლის მკვლელობა არ იყო წინასწარ განზრახული, რატომ მივიდა მასთან შეიარაღებით, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ „მაგას ის ვერ იტყვის“.