მდიდრული ცხოვრება, სახელი, დიდება, უამრავი თაყვანისმცემელი, ლამაზი და ყოვლისშემძლე ადამიანები, დიდებული წვეულებები, გართობა და საოცნებო სახლები - ასე გამოიყურება ჰოლივუდური ცხოვრება ერთი შეხედვით... თუმცა, რა იმალება მის უკან?
კვენტინ ტარანტინო ახალი ფილმით სწორედ ჰოლივუდის კულუარებზე გვესაუბრება. ეს არის ფილმი ფილმებზე, მსახიობებზე, ჰოლივუდის დიდებულ მომენტებზე და ყოფით პრობლემებზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც თავისი დიდი შრომის და ნერვების ფასად აღწევენ იმ ყველაფერს, რასაც ასე ერთი შეხედვით მარტივ ამბად აღვიქვამთ ჩვენ.
ეს არის ისტორია ერთადერთ რეალურ ჰოლივუდზე, ჰოლივუდის ოქროს ხანაზე, დროზე, როცა შედევრები იქმნებოდა. ამ ფილმით ტარანტინო თითქოს თავის წარსულში გვამოგზაურებს, გვანახებს ფილმებს და ისტორიებს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გვაცნობს მისი ინსპირაციის წყაროებს და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის ყურება ჩვეულებრივი მაყურებლისთვის მართლაც შთამბეჭდავია.
ჩვენს თვალწინ ეკრანზე ცოცხლდება ყველა ის დეტალი, რის გამოც ოდესღაც კინო შეგვიყვარდა, ახალ ფილმებში კი, რატომღაც ეს ყველაფერი გაუჩინარდა...
ფილმში ორი სიუჟეტი ვითარდება: რეალური ჰოლივუდი - გადასაღები მოედნებით, მსახიობებით და მთელი იმ დიდებით, რასაც ეკრანზე ვხედავთ, და რეალური ცხოვრება - რა ხდება მაშინ, როცა მსახიობები როლებიდან გამოდიან და გადასაღებ მოედანს ტოვებენ.
რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) ცნობილი და წარმატებული მსახიობია, რომელსაც კრიზისული პერიოდი აქვს, ფიქრობს, რომ მისი მზე ნელნელა ჩაესვენა და მალე უსარგებლო მსახიობი გახდება. თუმცა, ჯერ კიდევ სთავაზობენ როლებს, იღებს ანაზღაურებას და მდიდრულ დასახლებაში, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს.
კლიფ ბუტი (ბრედ პიტი) რიკის დუბლიორია, უფრო სწორად ყოფილი დუბლიორი და ამჟამად რიკის პირადი მძღოლის და ასისტენტის მოვალეობას ითავსებს, შესაბამისად მისგან განსხვავებით, საკმაოდ ღარიბულადაც ცხოვრობს. ფილმში ვხედავთ პერსონაჟების ნამდვილ ემოციებს და განცდებს, ნამდვილ მეგობრობას, რაც რიკსა და კლიფს აკავშირებთ. კლიფის შეუპოვარ ხასიათს და არც თუ ისე სახარბიელო წარსულს, რიკის დეპრესიას, რაც მის სასმელზე დამოკიდებულებაში გამოიხატება.
რიკი ვეღარ უწყობს ფეხს ჰოლივუდში დროის ცვლილებას, სწორედ ეს ხდება მისი დეპრესიის მიზეზი. როცა იგი გადასაღებ მოედანზე 8 წლის, ენთუზიაზმით სავსე მსახიობ გოგონას ხვდება, რომელიც აღფრთოვანებული საუბრობს თავის პროფესიაზე, თავს ვერ შეიკავებს და ტირილს იწყებს ბავშვის წინაშე. როცა ბავშვი მის დამშვიდებას ცდილობს, რიკი პასუხობს, რომ 15 წელიწადში ისიც ამავეს იგრძნობს.... თუმცა, ამ ამბიდან ოც წუთში ის გადასაღებ მოედანზე თავის როლს იმდენად კარგად გაითამაშებს, რომ უკვე აღფრთოვანებისგან იწყებს ტირილს და ამით გულდამშვიდებულს საკუთარი თავის რწმენა ემატება...
ასეთია რეალური ჰოლივუდი - წარმატებას წარუმატებლობა მოჰყვება, ჩავარდნას დიდება და პირიქით. აქ ადამიანებმა იციან, რომ ამდენი ცვლილება უნდა აიტანონ, მიიღონ და გაითავისონ ისე, რომ ჩვენთვის ყოველთვის შეუდარებელი სანახავები დარჩნენ ეკრანზე.
ფილმის პირველ ნაწილში გვხვდება ეპიზოდი - ლოგინზე წამოწოლილი შერონ ტეიტი (მარგო რობი), რომლის სხეულზეც ლამაზად ირეკლება მზის სხივები - იდეალური კადრი, თითქოს ყველაფერი ისეა როგორც ჰოლივუდის ფილმებში, ამ დროს ისმის შერონის ხვრინვის ხმა და ხვდები, რომ ჰოლივუდში ყველაფერი არც ისე იდეალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
კადრს მიღმა ვხედავთ, რომ იმ საკულტო სცენების უმეტესობას, რისთვისაც რიკ დალტონს მაყურებელი აღმერთებს, მისი დუბლიორი ასრულებს, იგივე დუბლიორი კი ერთი ხელის დარტყმით ამარცხებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლად ცნობილ მსახიობს (ბრიუს ლი). თუმცა, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი რჩება ნამდვილ ფილმში, რადგან ეკრანზე მხოლოდ წარმატებულ მსახიობებს ვხედავთ.
შესაძლოა, სწორედ ეს იდეა დევს ფილმის გახსნის ტიტრებში, სადაც კადრში ზურგით ვხედავთ ლეონარდოსა და ბრედის პერსონაჟებს, რომლებსაც პირიქით აწერიათ სახელები. ამით რეჟისორს შესაძლოა იმის თქმა სურდა, რომ ხანდახან ფილმში რეალურ საქმეს სხვა აკეთებს, ცნობილი და სახელიანი კი მაინც სხვა ხდება...
ბევრი სიმბოლოებით და სხვადასხვა სიუჟეტური ხაზით, საბოლოო ჯამში „ერთხელ ჰოლივუდში“ არის ერთი დიდი სიყვარულის ისტორია ფილმის და მისი შემოქმედი ადამიანების მიმართ. ფილმის თითოეული კადრი გამსჭვალულია რეჟისორის საოცარი სიყვარულით კინოინდუსტრიის მიმართ. ამ ფილმით ტარანტინო გვაჩვენებს იმ ადამიანების ნამდვილი ცხოვრებას, განცდებს და ფიქრებს, ვინც ჩვენს თვალწინ შედევრებს ქმნის და გვიტოვებს. გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ხშირ შემთხვევაში ეკრანს გარეთ რჩება, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
ტარანტინო ამ ფილმით თითქოს პატივს მიაგებს ძველ კინოკულტურას.
თუ ფილმის პირველი 2 საათის მანძილზე ვუყურებთ ლამაზ კადრებს, ჰოლივუდის ფილმების ისტორიას, ვესტერნს, რომელიც გადასაღებ მოედანზე ვითარდება, ბოლო 45 წუთის მანძილზე ვესტერნი ნამდვილ ცხოვრებაში ინაცვლებს. ეს არის ტრაგედია, რომელიც რეჟისორ რომან პოლანსკის ოჯახში ნამდვილად დატრიალდა, თუმცა ტარანტინო ხომ ალტერნატიული დასასრულების ნამდვილი მეფეა?!
„მე მიყვარს კინო, თქვენც გიყვართ კინო. ეს არის მოგზაურობა ისტორიების პირველად აღმოსაჩენად“ - ასე დაიწყო თავისი ფილმის წარდგენა კანის ფესტივალზე კვენტინ ტარანტინომ და ის აბსოლუტურად მართალია. ფილმი ტარანტინოს ჩვეული დიდებული იუმორით, არაჩვეულებრივად შერჩეული საუნდტრეკებით და სამსახიობო ჯგუფის საოცარი თამაშით, ნამდვილად თავიდან აღმოგაჩენინებთ ჰოლივუდს და მის ოქროს ხანას.
"მექსიკელების წინაშე არ იტირო" - ეუბნება კლიფ ბუტის პერსონაჟი რიკ დალტონის პერსონაჟს ფილმის დასაწყისში. ვფიქრობ ეს ნამდვილად ის ფილმია, რომელიც წლევანდელ დაჯილდოვებებზე მექსიკელების წინაშე არ იტირებს...
ავტორი: თამარ ფურცხვანიძე