კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირების - ქეთი მურუსიძისა და გიორგი მამუკელაშვილის ოჯახის წევრები მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურებიან.
22 წლის ქეთი მურუსიძის დედა პროკურატურასა და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. როგორც მსჯავრდებულის დედამ, თეონა ტყაბლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაშინ, როცა „ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, მის 22 წლის გოგოს "ფრუკოსზე" არ უნდა წირავდნენ“.
"22 წლის გოგო ერთი წელია ციხეში ზის. ძალიან მინდა სამართალი არსებობდეს. ყველაფერს ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც დაკავებული ყვიროდა, გენერალურ პროკურორს დაურეკე, კალაძეს დაურეკეთო, უამრავი ნარკოტიკით დაიჭირეს და მას 10 000-ლარიანი გირაოთი გარეთ უშვებენ. ახალგაზრდა, 22 წლის გოგოს, რომელიც ორმა აგენტმა დაამუშავა, 43 წლის კაცები მიუგზავნეს პროკურატურიდან, ტვინი აურიეს და 8 წელი მიუსაჯეს. ვიმეორებ, ჩემს შვილს ორ თუ სამ "ფრუკოსზე" 8 წელი მისცეს. ძალიან მწყდება გული", - განაცხადა ტყაბლაძემ.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გამო, სასამართლოს შერჩევით სამართალში, კლუბებში - "ბასიანსა"და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი მამუკელაშვილის დედა, მაია ელიაშვილი ადანაშაულებს.
მისთვის გაუგებარია, თუ რა ნიშნით გაათავისუფლეს ლევან ჯიბღაშვილი, რომელსაც მძიმე ბრალი ჰქონდა წარდგენილი. როგორც ელიაშვილი აცხადებს, მსჯავრდებულ მამუკელაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც არ უფორმებს.
"ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ჩემ შვილს და ორი ტაბლეტი ექსტაზის გამო მას 8 წელი მიუსაჯეს. ტონა ნარკოტიკის გამო დაკავებული ჯიბღაშვილი კი, 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? რა ნიშნით გამოყვეს ეს ბიჭი ასე, რომ ტონობით ნარკოტიკი ყიდოს და 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს?
რასაკვირველია, სასამართლო მიკერძოებულია და შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. გახარიას დაგეგმილი სრულიად უაზრო სპეცოპერაცია ჩატარდა, ან როგორ ჩაატარეს საერთოდ. სპეცოპერაციას ატარებენ, როცა ნარკოგამსაღებლებს აკავებენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ორი იყოს ასეთი, დანარჩენები ნარკოგამსაღებლები არ არიან.
ჩვენ შემთხვევაში, ეს უსინდისოები საპროცესოზეც არ მოდიან, იმიტომ რომ ზევიდან არის ბრძანება, თითქოს, პოლიცია მუშაობს და ნარკოგამსაღებლებს აკავებს. სახეზეა შერჩევითი სამართალი", - განაცხადა ელიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქეთი მურუსიძე და გიორგი მამუკელაშვილი კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. ორივეს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.