ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტიდან ზუსტად 1 კვირა გავიდა. მეჩეთის წინ, სადაც ავსტრალიელმა სუპრემასისტმა ათობით სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მუსულმანებთან ერთად ჰეგლი პარკში ლოცვას ქრისტიანებიც დაესწრნენ, ქალებს, მათ შორის პოლიციელებს - ისლამური წესის დაცვით, სოლიდარობის გამოსახატავად ჰიჯაბები ჰქონდათ მოხვეული.
მეჩეთთან იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, ჯასინდა არდერნი შავი თავსაბურავით მივიდა მლოცველებთან.
„ახალი ზელანდია თქვენთან ერთად გლოვობს. ჩვენ ერთნი ვართ,“ - განაცხადა არდერნმა.
პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ხალიჩა დაფინეს, რათა ხალხს ფეხმორთხმით ლოცვის საშუალება ჰქონოდა.
გუშინ ახალ ზელანდიაში ტერაქტისას გარდაცვლილები დაკრძალეს. ყველაზე პატარა მსხვერპლი 3 წლის მუკაად იბრაჰიმი იყო.