ავტორი:

"შვილის სიკვდილში დედაც მონაწილეობს, რომ ოჯახი სირცხვილს გადაარჩინოს..." - "ღირსების მკვლელობების" შემზარავი ფაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში

"შვილის სიკვდილში დედაც მონაწილეობს, რომ ოჯახი სირცხვილს გადაარჩინოს..." - "ღირსების მკვლელობების" შემზარავი ფაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში (და არა მხოლოდ) დამკვიდრებული ტრადიციის "ღირსების მკვლელობის" მკვლევარების თქმით, ბოლო დროს, რეგიონში ასეთი შემთხვევები შემცირდა, რასაც ადგილობრივი მამაკაცების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს და მათი ღირსების შელახვად მიიჩნევს.

კვლევები ჩრდილოეთ კავკასიის სამ რეგიონში - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ჩატარდა. უფლებადამცველების თქმით, სამხრეთ კავკასიაში ამ თემაზე საუბარი ტაბუდადებული არ არის და შესაბამისად, ვითარებაც უკეთესია. თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოზე ბევრად რთული ვითარებაა. ცნობისთვის, საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის - "უფლებების ინიციატივის" ანგარიშის თანაავტორი საიდა სირუჟიდანოვა ამბობს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რაც ანგარიშში აღწერილი ისტორიებიდანაც ჩანს.

"25 წლის ამინა, "არასწორი ცხოვრების" გამო, ბიძაშვილმა მოკლა. შემთხვევა დაღესტანში მოხდა და ადგილობრივების უმეტესობამ გოგონა გაამტყუნა... იმათ კი, ვინც ძალადობას არ ეთანხმებოდნენ, გაჩუმება ამჯობინეს. ადგილობრივთა გამოკითხვა ანონიმურობის დაცვით მოხდა. მოკლულთა ოჯახის წევრები ამ თემაზე არ საუბრობდნენ, ამიტომაც, მათი ის ნათესავები და მეგობრები ჩავწერეთ, ვინც გარისკა და ტრაგედიებზე ფარულად დაგველაპარაკა. გარისკა იმიტომ, რომ შესაძლოა, ამ თემაზე საუბრისთვის ხვალ და ზეგ თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.

ამ თემაზე მუშაობისას, უამრავი საშინელი ისტორიის მოსმენა მოგვიხდა, რისი დაჯერება ამ საუკუნეში, ცივილური საზოგადოებისთვის წარმოუდგენელიც შეიძლება იყოს... მაგალითად, ინგუშეთში, 2010 წელს 42 წლის ქალი, თავის ორ გოგონასთან ერთად მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მობილური ტელეფონი ჰქონდათ. მკვლელს 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ასევე 22 წლის დაღესტნელი გოგონა, რომელიც 2010 წელს ბიძამ მოკლა, მკვლელს 7 წელი მიუსაჯეს... კიდევ ერთი შემთხვევა, ასევე დაღესტანში მოხდა, არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი მეზობელმა მამაკაცმა დაამყარა. შემდეგ ის ჯგუფურად გაუპატიურეს, თუმცა, მამაკაცი მას ემუქრებოდა, რომ თუ ხმას ამოიღებდა, ამის შესახებ ყველას მოუყვებოდა... როდესაც გოგონამ მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, მამამ ის გაგუდა, თავად კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩეჩნეთში ძმებმა დები დახოცეს, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაასამართლეს და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯეს, მეორე კი დღემდე დაუსჯელია.

ჩვენს ანგარიშში მოცემული ისტორიები შინაარსით ერთმანეთს ჰგავს, ფინალით კი განსხვავებულია, რადგან მკვლელი ზოგ შემთხვევაში სიმბოლურადაც კი არ გაუსამართლებიათ... " - წერს საიდა სირუჟიდანოვა.

უფლებადამცველის თქმით, ინგუშეთში "ღირსების მკვლელობის" შემთხვევები, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩეჩნეთსა და დაღესტანში. მოძალადე ქმრები, ადგილობრივი ადათით, პასუხისმგებელი არიან იმ გარემოცვის წინაშე, რომელშიც ცხოვრობენ, ამიტომაც თუნდაც "მორალური ღალატის" შემთხვევაშიც კი კლავენ ცოლებს, რათა ადგილობრივების დასაცინი არ გახდნენ და შემდეგ სიცოცხლეს თვითმკლელობით ასრულებენ. ასევე ხდება ქალიშვილების "შერცხვენის" შემთხვევაში.

ასეთ დროს, დედები, უმეტესად საქმის კურსში არ არიან და საქმე მაშინ იხსნება, როდესაც "შვილის" გაუჩინარებით შეძრული დედა პოლიციას მიმართავს, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შვილის სიკვდილში დედაც მონაწილეობს, რომ ოჯახის დანარჩენი წევრები "სირცხვილს გადაარჩინოს..."

კვლევის კიდევ ერთი მონაწილის, ისტორიკოს მაკა ალბოგაჩიევას თქმით, ეს ჩრდილოეთ კავკასიის ტრადიცია არ არის. ასეთი ფაქტები სხვაგანაც ხდება, თუმცა, თუკი "ღირსების მკვლეობაზე" ვსაუბრობთ, ისეთი ფაქტებიც ხდება, როდესაც მამამ ვაჟიშვილი მოკლა მეზობლის გოგონას გაუპატიურების გამო. ბოლო წლებში, ოჯახებმა მიდგომები შეცვალეს და შეცდომის შემთხვევაში, გოგონებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა გზავნიან, რათა ნათესავმა ან ოჯახის ახლობელმა არ მოკლას.

წყარო: kavkaz-uzel.eu

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის - რას წერს BBC

"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"