რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გასაიდუმლოებულია. დადასტურებული ცნობები არავინ იცის მისი ქალიშვილების, მარიასა და კატერინას შესახებ. რუსული მედია წერდა, რომ უფროსი ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ახლა კი, როგორც ჩანს, ინფორმაცია დადასტურდა. ტელეარხზე Россия 24 გავიდა სიუჟეტი, სადაც გამოჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის ყოფილ ცოლს - ლუდმილა პუტინას.
სიუჟეტი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს განვითარებას ეხებოდა, გადაცემაში „ვესტი“ 18 ივლისს გავიდა. სიუჟეტში საუბარი იყო მასტერ-კლასზეც „ციფრული მედიცინა“, რომელიც ვლადიმირის ოლქში გაიმართა. მასტერკლასის ერთ-ერთი მონაწილე იყო ბავშვთა ონკოლოგი მარია ვორონცოვა.
რუსული პორტალი SPLETNIK.RU წერს, რომ ვორონცოვასა და ლუდმილა პუტინას შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ენდოკრინოლოგი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის შვილი უნდა იყოს.
მარიასა და მისი უმცროსი დის, კატერინას შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. „როიტერსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი 1985 წელს დაიბადა, 2011 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ენდოკრინოლოგიის ცენტრში ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მარია დაქორწინებული იყო ჰოლანდიელ ბიზნესმენზე იორიტ იოოსტ ფაასენზე და გარკვეული დროის განმავლობაში ჰოლანდიაშიც ცხოვრობდა.
ამჟამად, „ნიუ თაიმსის“ ინფორმაციით, მარია მოსკოვში ცხოვრობს, აშშ-ს საელჩოსთან ახლოს, დაკავებულია სამეცნიერო და საქველმოქმედო მოღვაწეობით.
პრეზიდენტის სავარაუდო უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, „როიტერსის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია „ინოპრაქტიკის“ გენერალური დირექტორია, თავისუფალ დროს კი აკრობატულ როკ-ენ-როლს უთმობს. ამასთან, ტიხონოვა ცოტა ხნის წინ დაშორდა ქმარს, კირილ შამალოვს.