თბილისში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ღამით მოძრავი კვების ობიექტები განთავსდება. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც გვარჯალაძე ამბობს, პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, მოძრავი კვების ობიექტები - Food trucks სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიაზე ივლისიდან დაიდგას, რა პერიოდიდანაც მუნიციპალური ავტობუსების ღამით მოძრაობა დაიწყება.
„საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ღამით კვება თბილისში. ჩვენი მიზანია, მოძრავი კვების ობიექტების - Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა ავამუშავოთ. ვამზადებთ შესაბამის რეკომენდაციებს და რამდენიმე უწყებასთან ერთად ვამუშავებთ ამ იდეას. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი აქვს. მაგალითად, როდესაც თბილისი არენადან გამოდიხართ ღამე, სპორტის სასახლემდე, „მაკდონალდსამდე“, ფაქტობრივად, არც ერთი კვების ობიექტი არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიაზე გვქონდეს ეს კვების ობიექტები, მივცეთ საპილოტე ხასიათი, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, დავაწესოთ მინიმალური, მარტივი რეგლამენტი და დავაკვირდეთ ამ პროექტს 6 თვის მანძილზე.
პროექტი რაც შეიძლება სწრაფად გვინდა დაიწყოს. კერძოდ, ტრანსპორტის პროექტს მივაბათ. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, პარკირების, გარევაჭრობის, ელექტროენერგიით მომარაგების და ა.შ.“, - განაცხადა გვარჯალაძემ.