საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს პირადად გადასცა.
"მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ. ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი და მოხალისე იყო. როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ახალგაზრდას უამრავი გატაცება და საქმიანობა ჰქონდა, იყო „ოკრიბელ სპელეოლოგთა კლუბის“ დამფუძნებელი, გატაცებული იყო სპელეოლოგიითა და ალპინიზმით. ამასთან, ფიზიკურად მუშაობდა ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე და ტყიბულის შახტში. ბოლო 4 წელი წითელი ჯვრის აქტიური მოხალისე იყო.
უბედური შემთხვევა ტყიბულის ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე 2 ივნისს მოხდა - 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 65 წლის რეზო ლომთაძე გაზით გაიგუდნენ.