გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განაცხადა განაცხადა.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.
„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო. მოლოდინი მქონდა, რომ ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა. გამიკვირდა მე, რომ გუშინ იყო გადადგომის მოლოდინი, რადგანაც ასეთი სხდომის შემდეგ კვირიკაშვილს უნდა ჰქონოდა კომფორტი, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა.
რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან სერიოზული რეფორმაა მთლიანად ჩასატარებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალურ საკითხს, არამედ მართვის ალგორითმია შესაცვლელი ეფექტურობის შესაძენად და ერთიანი გეგმის გასაწერად.
საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან "ქართულ ოცნებას" სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
საქართველლოს პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.