რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.
კერძოდ, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და სხვები.
პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.
რაც შეეხება ტიტულის მფლობელებს, ლეო ბოკერია ცნობილი ექიმია, პროფესორი, კარდიოქირურგი. წარმოშობით ოჩამჩირელი ექიმი წლებია რუსეთში მოღვაწეობს და უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს. 77 წლის პროფესორმა საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურება და მას მის საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებს.
40 წლის დიანა ღურწკაია რუსეთში წლებია მოღვაწეობს. სოხუმში დაბადებული მომღერალი, დაბადებიდან უსინათლოა. მისი პირველი სასცენო გამოცდილება 10 წლის ასაკში თბილისის ფილარმონიაში შედგა, ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი". აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, ღურწკაია საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და წარმატებული კარიერა აიწყო.
ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის 162-ე სკოლაში, ბახტრიონზე. 45 წლის ცისკარიძე მოსკოვის დიდი ბალეტის წამყვანი სოლისტი გახლდათ. რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახალხი არტისტი 2003 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.