ქალები ქართულ პოლიტიკაში - გაიცანით ახალი სახეები

ქალები ქართულ პოლიტიკაში - გაიცანით ახალი სახეები

ბოლო დროს, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის საკითხი საქართველოში აქტიურად განიხილება. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდა კვოტირებით უნდა განხორციელებულიყო, რაც საზოგადოების ნაწილმა დისკრიმინაციულად აღიქვა, საბოლოოდ კი იდეის ხორცშესხმა ვერ მოხდა.

როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, არასამთავრობო სექტორი ხშირად ატარებს კამპანიებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანონ მესიჯი - პოლიტიკას არ აქვს სქესი.

მიმდინარე წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ქალები არაერთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნებიან და ისევე აქტიურად იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორც ამ სფეროში ჩართული მამაკაცები.

ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გიორგი გახარიამ, რომელიც სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, მოადგილედ ნინო ჯავახაძე დანიშნა. მინისტრის მოადგილე განათლებით ეკონომიკის მაგისტრია და ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების "უილიამს კოლეჯში" მიიღო, იქამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი და მაგისტრი გახდა მაკროეკონომიკის მიმართულებით.

33 წლის ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, 2013-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს ხელმძღვანელობდა, იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე. ასევე, ჯავახაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი იყო, 2016 წლიდან კი ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გიორგი გახარიას მოადგილე, შსს-ში საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებსა და შსს-ს აკადემიას ხელმძღვანელობს.

ჯავახაძე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. შს მინისტრის 33 წლის მოადგილე დაოჯახებული არ არის.

ნათია მეზვრიშვილი, შს სამინისტროს საპარლამენტო მდივანი

ეკონომიკის მინისტრის პორტფელის დატოვებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, გიორგი გახარიამ მაღალ თანამდებობებზე უკვე ოთხი ქალი დანიშნა. კერძოდ, შს სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ყოფილი პროკურორი, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა.

32 წლის ნათია მეზვრიშვილი 2013 წლის დეკემბრიდან საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი როგორც სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსის, ისე შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსისა და ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი იყო.

როგორც შსს-ს ვებგვერდი იუწყება, ნათია მეზვრიშვილმა თავისი კარიერა 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორის პოზიციით დაიწყო. რაც შეეხება განათლებას, ნათია მეზვრიშვილმა 2017 წელს აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ცინცინატის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო, მანამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხს ფლობდა.

მარიანა მორგოშია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი

სამართალდამცველ უწყებაში კიდევ ერთ მაღალ თანამდებობას იკავებს მარიანა მორგოშია, რომელიც მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს. მორგოშია 2017 წლის აპრილიდან აქამდე სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008-2011 წლებში კი სს ბანკი "რესპუბლიკა-Societe Generale Group"-ის პროექტების მენეჯერი იყო.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით.

მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი 36 წლისაა. ჰყავს მეუღლე, შოთა შურღაია და ორი ვაჟი - 20 წლის სანდრო და 4 წლის თედი.

ეკატერინე მაჭავარიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი

შსს-ს მენეჯმენტში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკატერინე მაჭავარიანმა დაიკავა. 2009-2017 წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ეკატერინე მაჭავარიანი 2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2006 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო.

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია, ეკატერინე მაჭავარიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ახალი დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს.

ეკატერინე მაჭავარიანი 40 წლისაა. ჰყავს მეუღლე, შოთა ბრელიძე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელია. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ალექსანდრე და ანნა.

მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის პოსტის დაკავების შემდეგ, კახა კალაძემ თავის მოადგილედ მაია ბითაძე დანიშნა.

40 წლის მაია ბითაძე პროფესიით იურისტია, 2007 წელს მან სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. 2014 წლიდან ის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2011-2014 წლებში კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. მანამდე მაია ბითაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წევრი და საქართველოში ეუთოს პროექტის "ორჰუსის ცენტრის" იურიდიული კონსულტანტი იყო. თბილისის მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მოადგილედაც ქალი დაინიშნა. კერძოდ, მარიკა დარჩიამ, რომელიც მერობისა და თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი, თანამდებობა რამდენიმე თვეა დაიკავა.

მარიკა დარჩიას განათლება PR-ისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და ბიოლოგიის მიმართულებით აქვს მიღებული. მან საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები ლონდონის PR ინსტიტუტსა და რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციაში გაიარა და თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტზე მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.

2015-2017 წლებში მარიკა დარჩია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, ხოლო 2013-2016 წლებში თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის საგამომცემლო კომისიის წევრი იყო.

თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე 2007 წლიდან "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებს, მანამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრი. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე და ევროსაბჭოს ადგილობრივ და თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

გარდა ამისა, მარიკა საქართველოს გადამხდელთა კავშირის თამვჯდომარის მოადგილე და 1993-1995 წლებში გაეროს პროექტი "სახელმწიფო მართვა და სამოქალაქო საზოგადოება" საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე კი საქართველოს "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

ნინო თვალთვაძე, ქუთაისის მერის მოადგილე

ქუთაისის მთავრობაშიც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ქალი იკავებს. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ეს პორტფელი ნინო თვალთვაძეს ჩააბარა. ის ქალაქის მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია.

33 წლის თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში თითქმის 10 წლის განმავლობაში საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს, ბოლო წლების განმავლობაში კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელი იყო. თვალთვაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ ის აქტიურად გამოიყენებს სამოქალაქო და კერძო სექტორებში მუშაობისას შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას ქუთაისის მერიაში. ის ქალაქის მთავრობაში საერთაშორისო მიმართულებას გაუწევს კურატორობას.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "საღამოს ნიუსრუმის" სპეციალური გამოშვება

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი, რომან გოცირიძე, თორნიკე შარაშენიძე, დიმიტრი ხუნდაძე