ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს სამართლებრივი გზით გააპროტესტებენ. როგორც დავით ლანჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.
"ერთი და იმავე დროს ვნახეთ ყალბი დოკუმენტები, დავიჭირეთ ხატიაშვილი, როგორ იდებს ჯიბეში ბიულეტენებს, ქრება შუქი და ა.შ. ზაზა ხატიაშვილია გამყალბებელი. კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულად ჩაატარა არჩევნები, ჯიბეში იდებს გაყალბებულ ბიულეტენებს. განვითარებული მოვლენების შემდეგ, მხოლოდ სამართლებრივი გზა რჩება. ჩავრთავთ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ვაჩვენებთ ფაქტებს. სირცხვილია, როდესაც იურისტები დოკუმენტებს აყალბებენ", - განაცხადა ლანჩავამ.
ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნეს, რომელიც, მათი განცხადებით, გაყალბებას ასახავს.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. ლევან ჯანაშიამ- 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160; ჭკადუა ირმა -53; ებრალიძე დავითი - 31; ბესელია იასონ -10; გაგნიძე გრიგოლი - 3; ოსეფაშვილი ვასილ -3; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.