ჰოლივუდის ვარსკვლავების ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი - კოკა ლანჩავას წარმატებული კარიერა

ჰოლივუდის ვარსკვლავების ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი - კოკა ლანჩავას წარმატებული კარიერა

კოკა ლანჩავა 9 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ცნობილი ფიტნესდარბაზების ქსელის - Equinox-ის მწვრთნელია. კოკასთან ჰოლივუდის ვარსკვლავები ვარჯიშობენ. წარმატების მიღწევამდე მას სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუხდა. კოკას საქართველოში მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს - ის ცნობილი ადვოკატის, დავით ლანჩავას შვილია და 10-შვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი.

- კოკა, როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?

- 2009 წელს გაცვლითი პროგრამით, ატლანტაში სასწავლებლად ჩავედი. კოლეჯში რისკ-მენეჯმენტი და ფინანსები ვისწავლე. სწავლის დასრულების შემდეგ კი დარჩენა გადავწყვიტე.

- როგორ მოხვდი ჰოლივუდში?

- სანამ ლოს-ანჯელესში მოვხვდებოდი, ერთი წლის განმავლობაში საადვოკატო კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებს განიხილავდნენ. შემდეგ ჩარლსტონში გადავედი. აქ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი. დრო გადიოდა და ვხვდებოდი, რომ ოფისში მუშაობა არ მომწონდა. ისეთი რამის გაკეთება მინდოდა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. საქართველოში 12 წლის განმავლობაში, ჩოგბურთს ვთამაშობდი. სპორტში ყოფნაც ყოველთვის მინდოდა, ამიტომ ძალების მოსინჯვა ამ სფეროში გადავწყვიტე. ამერიკაში 18 წლისა ჩამოვფრინდი.

ლოს-ანჯელესი ჩემთვის ყოველთვის იყო საოცნებო საცხოვრებელი ადგილი. უცებ სამსახურიდან ჩარლსტონიდან სან-ფრანცისკოში გადასვლის შანსი მომეცა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი კალიფორნიისკენ. 7 თვეში ლოს-ანჯელეში ჩასვლა და ამერიკის მასშტაბით, საუკეთესო ფიტნეს დარბაზების ქსელში "ექვინოქსში" მისვლა გადავწყვიტე.

- -როგორ დასრულდა შენი მცდელობა?

- "ექვინოქსში" ცნობილი მსახიობები ვარჯიშობენ. ამიტომ აღნიშნულ კომპანიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია. ერთ-ერთ ფილიალში მივედი, რომლის მენეჯერიც მეგობარმა გამაცნო. დავილაპარაკეთ, მითხრა, რომ ჯერ გამოცდები უნდა ჩამებარებინა და შემდეგ გასაუბრება მექნებოდა.

გამოცდები საკმაოდ რთულია. წიგნი 700-გვერდიანია და მისი საფუძვლიანად შესწავლა, სავალდებულოა. მივატოვე სამსახური და მინესოტაში ბიძასთან გადავედი. 6 თვე დამჭირდა მასალების შესასწავლად. გამოცდები საატესტატო ცენტრში ჩავაბარე. ამის შემდეგ, ლოს-ანჯელესში გადავფრინდი და ფიტნესცენტრის იმ ფილიალში მივედი, სადაც მუშაობის დაწყება მინდოდა. გასაუბრება წარუმატებელი აღმოჩნდა...

- თუმცა, მიზანზე უარი არ გითქვამს და დღეს, სასურველ ადგილზე მუშაობ.

- მე ვიცოდი, რომ მინდოდა ლოს-ანჯელესში ცხოვრება და "ექვინოქსში" ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობა. ეს ჩემი მთავარი მიზანი იყო. წარუმატებელი ინტერვიუს შესახებ მეორე დღეს გავიგე. ჩემს სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ წერილებს არ პასუხობდნენ. ამიტომ ადგილზე მივედი და მენეჯერს გასაუბრების შესახებ ვკითხე. პასუხმა გული ძალიან მატკინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ.

გამოვედი და პირველი, რაც გავაკეთე, მამაჩემს დავურეკე. ღამის 4 საათი იყო. დაახლოებით 2 საათში უკან, მინესოტაში ფრენა მქონდა.

დავითმა მითხრა, რომ თუ ეს ჩემი მიზანი იყო, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა. მისმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. იმ დღესვე ამოვწერე "ექვინოქსის" სხვა ფილიალების მისამართები. გავიგე მენეჯერების ვინაობა. ერთი და იმავე დარბაზში რამდენჯერმე მარტო იმისთვის მივდიოდი, რომ მენეჯერისთვის ხელი ჩამომერთმია და ვიზუალურად ვენახე. მიზნის მისაღწევად თვე-ნახევარი დამჭირდა. საბოლოოდ, "ექვინოქსის" ყველაზე დაკავებულ ფილიალში მოვხვდი. აქ დღეში 2 000 ადამიანი ვარჯიშობს. თუ რამე ძალიან გინდა, აუცილებლად მიაღწევ! დღეს ეს ზუსტად ვიცი.

- როგორია შენი სამუშაო დღე?

- დარბაზი დილის 6-ის ნახევარზე იხსნება. თუ ვინმე მყავს ჩაწერილი, მეც მაგ დროს მივდივარ. კვირაში 6 დღე ვმუშაობ. ჩემთან ინდივიდუალურად ვარჯიში, საათში 120 დოლარი ღირს. აქ მწვრთნელის შეფასების 4 დონეა. მე უკვე მესამეზე ვარ. გვაქვს ტრენინგები, შეხვედრები. თავადაც აქტიურად ვვარჯიშობ.

- ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან თუ გიწევს მუშაობა?

- ვმეგობრობ და ვავარჯიშებ Game Of Thrones-ს სცენარისტს დენილე ბრეტ ვეიზს. მიმუშავია, "ვიკინგების" მსახიობთან ალექსანდრე ლუდვიგთან და Twilight-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან - ჯეიკობ ბლექთან. მქონდა ურთიერთობა ნიკოლაი კოსტერ-ვალდუსთან. ჩვენთან ვარჯიშობს კევინ ჰართი. ვეხმარებოდი ლუკ ევენსს. იმისთვის, რომ მოვარჯიშეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, დარბაზში ფოტოების გადაღება აკრძალულია.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლოდ, ჩემი ბიზნესი მინდა მქონდეს. ძალიან კარგად მუშაობს საკვები დანამატების კომპანიები, ასევე ფიტნესდარბაზი. თუმცა, კონკურენცია დიდია და კარგი ანალიზი სჭირდება.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება