საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არ აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ ან რაიმე უნდობლობა აქვს მათ მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზვიადაძის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებამ თანამოსაყდრის დასახელების თაობაზე გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.
"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი, თუ რას ნიშნავს ეს. პატრიარქის ყველა გადაწყვეტილება საეკლესიო კანონებს ეფუძნება. ეს არის მსოფლიო და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. რას ნიშნავს ეს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებელია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს, აღმოფხვრას გაუგებრობები და როცა მას რომელიმე პიროვნების დახმარება პირადად სჭირდება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არა აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ ან რაიმე უნდობლობა აქვს სხვა მღვდელმთავრების მიმართ. საქართველოში ეს არის უნიკალური მოვლენა. 40 წელია პატრიარქი მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მას დღესაც ხელთ აქვეს სადავეები, ყველა მღვდელმთავარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გამორჩეული და ხელდასხმული პატრიარქის მიერ", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ზვიადაძე განმარტავს, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა - ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს.
მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელების გადაწყვეტილება პატრიარქმა პიროვნულად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიიღო.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არის სპეციალური თავი, რომელიც პატრიარქის და მის უფლებამოსილებებს ეხება. მასში საუბარია მოსაყდრის შესახებ. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, მოსაყდრის განსაკუთრებული ფუნქციები განსაზღვრული არ არის. ერთ-ერთი არსებითი ფუნქცია არის ის, რომ ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება შეიძლება მას დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს. მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე ავტომატურად შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს და ამ არჩევაში მონაწილეობას მღვდელთმთავარები იღებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
როგორც ცნობილია, პატრიარქმა მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.