წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 167.2 ლარს შეადგენს. ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174.3 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10 ლარით და 60 თეთრით გაზრდილია. 2016 წლის ივლისში იგივე მონაცემი 156.6 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შემცირებულია საშუალო მომხმარებლისა (148.1 ლარი) და საშუალო ოჯახის (280.4 ლარი) საარსებო მინიმუმები.
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.