"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ. აკაკი გოგიჩაიშვილის საავტორო, ეკონომიკური გადაცემა, რომელიც 11 წელი გადიოდა "რუსთავი 2"-ზე, დღეს ბოლოჯერ გავიდა ეთერში.
ნახეთ ვიდეო: როგორ დაემშვიდობა აკაკი გოგიჩაიშვილი მაყურებელს
"ბიზნესკურიერი ამით ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს სექტემბერში შევხვდებით, სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც ეკონომიკური თემების უფრო ღრმად შესწავლისა და პრობლემების გამოაშკარავების შესაძლებლობას მოგვცემს", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა აკაკი გოგიჩაიშვილი მაყურებელს.
"11 წელი... ბიზნესკურიერის ბოლო ეთერი... the end" - წერს გადაცემის ჟურნალისტი თამუნა დემეტრაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე და ადასტურებს, რომ "ბიზნესკურიერი" დაიხურა. კიდევ ერთი თანამშრომელი მეგი კავთუაშვილი კი კომენტარში წერს: "მშვიდობაა, ახალ გადაცემაზე ვმუშაობთ".
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გადაცემის დახურვის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"როგორც ირკვევა, დღეს "ბიზნესკურიერის" ბოლო ეთერი იყო. ძალიან კარგი პროფესიონალები 11 წლის განმავლობაში აკეთებდნენ ამ უაღრესად საინტერესო და, რაც მთავარია, საჭირო გადაცემას.
ის, რომ "ბიზნესკურიერი" ეთერში არ გავა, ჩვენი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მდგომარეობის დიაგნოზია: ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ემოციას მეტი წონა აქვს, ვიდრე რაციონალურ განსჯას და ანალიზს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ "რუსთავი 2"-ს ფინანსური პრობლემები ჰქონოდა და ამ შეტევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ხელისუფლების ყველაზე ეფექტური და კარგი ეკონომიკური watchdog აღმოჩნდა.
მადლობა მინდა ვუთხრა "ბიზნესკურიერის" არაჩვეულებრივ გუნდს. ისინი ნებისმიერ ასპარეზზე წარმატებულნი იქნებიან. ვუსურვებ კიდეც წარმატებას!" - წერს ჭიაბერაშვილი.
AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს "ბიზნესკურიერის" ავტორს აკაკი გოგიჩაიშვილს და მისგან გაიგოს გადაცემის დახურვის მიზეზები და სამომავლო გეგმები.