უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს. გარდაცვლილებს დღეს პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობამ.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ასევე ტყიბულის შახტებში დასაქმებული მეშახტეები, ქალაქის საზოგადოების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.
ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ. მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათინი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.