"აღქმა" ამერიკული სერიალია, რომელიც ჟანრულად კრიმინალურ დრამას განეკუთვნება. მისი შემქმნელი კენეტ ბილერია რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ პოპულარულ სერიალებზე, როგორებიცაა, სამეცნიერო ფანტასტიკა - "სტარ ტრეკ ვოიაჟერი", ფენტეზი სერიალი - "მაძიებლის ლეგენდა" და თინეიჯერული საპნის ოპერა - "ბევერლი ჰილზი, 90210".
"აღქმა" (Perception) მოგვითხრობს ნეიროფსიქოლოგის ისტორიას, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება და ამის პარალელურად FBI-ის უწევს კონსულტაციებს ისეთ საქმეებში, რომელთა გამოძიებაც მათი სირთულის გამო ვერ ხერხდება. შოუ ტელეკომპანია TNT-ს ეთერში 2012-2015 წლებში გადიოდა და სულ სამ სეზონს ითვლის.
სერიალის მთავარი გმირი ექიმი დენიელ პირსია, ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრიკული ნეიროფსიქოლოგი, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ყველაზე რთული და ამოუხსნელი საქმეების გამოძიებაში კონსულტაციებისთვის იწვევს ხოლმე. პირსი მჭიდროდ თანამშრომლობს აგენტ კეიტ მორეტისთან, მის ყოფილ სტუდენტთან, რომელმაც ის ფედერალურ ბიუროზე მუშობაზე დაითანხმა. მათ გუნდში შედის მაქს ლევიცკი, პირსის ასისტენტი და ნატალი ვინსენტი, პირსის შიზოფრენიის შედეგად წარმოქმნილი ჰალუცინაცია, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია.
სერიები ძირითადად იწყება სცენით, რომელშიც პირსი სტუდენტებს ლექციას უტარებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობების შესახებ, რაც საბოლოოდ ეპიზოდში წამოჭრილი საქმის გადამჭრელ მექანიზმად გამოიყენება. დასასრულს კი უმეტესწილად ვხედავთ კადრებს, სადაც სტუდენტებთან საუბრის დროს, ექიმი ადამიანის აღქმის პარადოქსულობაზე მსჯელობს.
"აღქმა" იდეალური სერიალია იმ მაყურებლისთვის, ვისაც კრიმინალური სანახაობა, ტრილერის ჟანრი და დეტექტიური გამოძიებები იზიდავს. მათთის, ვინც CSI-ის, "კანონს და წესრიგს", "თეთრ საყელოს" და მსგავს სერიალებს ანიჭებს უპირატესობას, "აღქმა" აუცილებლად სანახავთა კატეგორიაში გადის.
12 აპრილიდან #ჩაუჯექი "აღქმას" GDS-ზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 და 14:00 საათზე