დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ

30 მარტს, მოსკოვში, რუსულმა და ოსურმა მხარეებმა სამხედრო სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგი შოიგუმ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა, "დოკუმენტურად" დაადასტურეს, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში მიიღებენ. ამ შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თავდაპირველად, 150 ოსი სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება.

ლეონიდ თიბილოვის თქმით, - "შეთანხმება" სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთგვარი გარანტი იქნება. "ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმსახურებენ, მაგრამ რუსეთის თავდაცვის IV სამხედრო ბაზის შემადგენლობაში", – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი...

რუსული მედიის შეფასებით, ეს რუსეთთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად, უფრო სწორად, ფედერაციასთან ინტრეგრირებისთვის გადადგმული ნაბიჯია... ცხინვალის რეგიონში, 9 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, რეფერენდუმია დაგეგმილი, - სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიას" დარქმევის თაობაზე... "საპრეზიდენტო არჩევნებში" ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს. "არჩევნებში" მონაწილეობის სურვილი ჰქონდა ედუარდ კოკოითსაც, თუმცა ის ამ პროცესებს ჩამოაშორეს, რის გამოც მან ცხინვალში აქციები გამართა.

როგორც რუსული პრესა წერს, რუსეთის ხელისუფლება "არჩევნებში" მოქმედ "პრეზიდენტს" უჭერს მხარს. გაზეთ "იზვესტიას" ინფორმაციით, ამ პოლიტიკურ პროცესში პუტინის სიმპათია ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქმედ თავკაცს" ეკუთვნის. ავტორის თქმით, ასე რომ არ ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინი თიბილოვს არც შეხვდებოდა...

"იზვესტიას" თქმით, ხელისუფლების ბოლო ცვლილებამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და ეს მნიშვნელოვნად აისახა რუსეთის ბიუჯეტზე... 2011 წლის 27 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოცხადდა. თუმცა მიტინგებისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის შუამავლობის შედეგად, ვითარება განიმუხტა.

"იზვესტიას" ინფორმაციით, თუ დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა მხარს დაუჭერს მთავრობის ინიციატივას და უმრავლესობა გადაწყვეტს და არჩევანს "ალანიაზე" გააკეთებს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სახელს, - "სამხრეთ ოსეთი" დაემატება "სახელმწიფო ალანია".

რუსი ჟურნალისტებისა და ბლოგერების თქმით, რუსეთთან მიერთების შემდეგ, ცხინვალის რეგიონში ეკონომიკური და სოციალური კუთხით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, რადგან რუსეთის ფედერაცია ახლა თავად დგას უდიდესი კრიზისის წინაშე. თუმცა ამის გაგება ცხინვალის მოსახლეობას, რომლის უდიდესი ნაწილიც სამუშაოდ რუსეთშია გადახვეწილი, რატომღაც არ შეუძლია, ან არ უნდა...

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის" შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხალია. ამის შესახებ სააგენტო "რეს"-ი იუწყება.

"სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხალია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ოსები ხელოვნურად გაყოფილი ერია, ჩვენი ძმები რუსეთში ცხოვრობენ. ასე რომ, მეც ვუჭერ ამ იდეას მხარს, თუმცა, ამავდროულად ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის იოლი და რიგითი საკითხი. შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. თუ დავინახავთ, რომ რუსეთში გველიან, თუ შესაბამის სიგნალებს მივიღებთ, მაშინ იმ საერთო სქემით ვიმუშავებთ, რომელიც მსოფლიოში არსებობს", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე