ისტორია ძალზე საინტერესო რამ არის, თუმცა ზოგჯერ ტყუილის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა სპეციალისტებსაც უჭირთ. მსგავს პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვაწყდებით მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ინტერნეტმა ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე წარმოუდგენლად გაზარდა. ამავდროულად ერთმანეთისგან ტყუილის და სიმართლის გარჩევაც გართულდა. ახლა წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია 1 500-2 000 წლის წინ მომხდარი ფაქტების სისწორეში გარკვევა.
კაცობრიობის ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მცდარი ინფორმაციითა და ყალბი დოკუმენტებით, კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები ისტორიის გაყალბებას ცდილობდნენ.
იმპერატორ კონსტანტინეს ძღვენი
IV საუკუნის რომის იმპერატორი კონსტანტინე I დიდი კეთრით იყო დაავადებული. გადმოცემით, ამ უკურნებელი სენისგან ქრისტიანულად მონათვლის გზით რომის პაპმა სილვესტერ პირველმა განკურნა. მადლობის ნიშნად დიდმა იმპერატორმა პაპი ყველა ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანლად გამოაცხადა და ძღვენის სახით რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილზე კონტროლი გადასცა. თვითონ კი დედაქალაქი აღმოსავლეთით, ბიზანტიაში გადაიტანა. ყოველივე ეს შესაბამისი საბუთით იყო დადასტურებული.
შედეგად, რომის საეკლესიო პირები ამ დოკუმენტს ხშირად იყენებდნენ ახალი მიწების მიტაცებისთვის და უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისთვის. "კონსტანტინეს ძღვენის" თანახმად, ყველა მეფე პაპს უნდა დამორჩილებოდა.
რეალურად, არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა. 1001 წელს გერმანიის იმპერატორმა ოტტონ მესამემ ვატიკანის ხელთ არსებული ქაღალდი ყალბად გამოაცხადა. ამის დადასტურება მხოლოდ 1440 წელს იტალიელმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა ლორენცო ვალლამ შეძლო.
კონსტანტინე პირველის გადაწყვეტილება, რომელიც კეთრით მართლა იყო დაავადებული, იმპერიის დედაქალაქის აღმოსავლეთით გადატანის თაობაზე, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო მიზეზებით იყო განპირობებული. მშენებლობა 324 წელს დაიწყეს და 330 წელს იმპერატორმა რომის იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიაში ოფიციალურად გადაიტანა. მას ახალი რომი უწოდა. ქალაქს კი კონსტანტინეპოლი დაარქვეს. კონსტანტინემ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა, თუმცა თავად მხოლოდ სიკვდილის წინ მოინათლა.
წმინდა ლონგინის შუბი
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას, რომლის წამოწყების ოფიციალური მიზეზიც მუსულმანებისგან მთავარი ქრისტიანული სიწმინდის - ქრისტეს საფლავის გათავისუფლება იყო, ჯვაროსნები ქალაქ ანტიოქიასთან ალყაში მოყვნენ. ალყაში მოქცეულები უიმედობამ შეიპყრო, დახმარება არსაიდან ჩანდა. ერთმა გლეხმა (მეორე ვერსიით ბერმა) პიერ ბარტელემიმ რაინდებს საკუთარი სიზმრის შესახებ აუწყა. თითქოსდა ანტიოქიის წმინდა პეტრეს ტაძარში წმინდა რელიქვია - ლონგინის შუბი ინახება. მართლაც ადგილზე მისულმა ჯვაროსნებმა მიწაში შუბის რკინის წვერი მონახეს.
შედეგად, წმინდა რელიქვიის მოპოვებით შეგულიანებულმა ჯვაროსნებმა მტერი მარტივად დაამარცხეს. იერუსალიმისკენ გზა ხსნილი იყო.
რეალურად გავლენიანმა ჯვაროსნებმა პიერ ბარტელემი ტყუილში მაშინვე ამხილეს და რელიქვიის გაყალბებაში დასდეს ბრალი. საკუთარი სიმართლის დამტკიცება პიერმა იმ დროს მიღებული მეთოდით სცადა და შუბით ხელში ცეცხლში გაიარა. ორიოდე დღის შემდეგ ის დამწვრობისგან გარდაიცვალა.
ლონგინის შუბი, რომლითაც რომაელმა მეომარმა ლონგინმა ჯვარზე გაკრული ქრისტეს მარჯვენა გვერდი განუგმირა, ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სიწმინდედ ითვლება. განგმირვის ეპიზოდი იოანეს სახარებაშია აღწერილი. საუკუნეების განმავლობაში ეს შუბი ხან იკარგებოდა, ხან ისევ პოულობდნენ რომელიმე მეფის ან დიდგვაროვანის საკუთრებაში.
დღეს ერთდროულად ლონგინის სამი შუბი გვაქვს. ერთი სომხეთში, იეჩმიადინში ინახება, მეორე - ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მესამე - ვენაშია დაცული. საუკუნეებია მიდის დავა, თუ რომელი მათგანია ნამდვილი.
რუსეთის იმპერატორის, ელისაბედ პეტრეს ასულის ანდერძი
1774 წელს ერთმა ქალბატონმა მეფის რუსეთი და ევროპის გავლენიანი წრეები ააფორიაქა. თავადის ასული, ტარაკანოვას სახელით ცნობილი ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ ის რუსეთის იმპერატორის, ელისაბედ პირველის უკანონო შვილი იყო. ამის დასტურად ტარაკანოვას "ანდერძის" ფურცელიც ქონდა, რომელშიც მისი უდიდებულესობა თავადის ასულისთვის ტახტის გადაცემას მოითხოვდა. მსგავსი შინაარსის წერილი, რუსული ესკადრის მეთაურმა გრაფ ალექსეი ორლოვმაც მიიღო. გრაფმა ტარაკანოვა მოტყუებით ხომალდზე შეიტყუა და დააპატიმრა. მისი სახლიდან კი საეჭვო ვინაობის დოკუმენტები წამოიღო. დაკითხვისას ტარაკანოვა ირწმუნებოდა, რომ ანდერძი ანონიმური წერილით მიიღო.
შედეგად, ერთი წლის შემდეგ ტარაკანოვა ციხეში ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. რუსულ ისტორიაში ის ყველაზე ცნობილი ავანტიურისტის სახელით შევიდა. ისტორიკოსების აზრით, ტარაკანოვას და მისი თანამზრახველების მიზანი, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში დესტაბილიზაციის შეტანა იყო.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE