ადგილობრივი დამსვენებლები საკურორტო ზონაში სიძვირეს უჩივიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის რჩევა, ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კერძო სექტორმა არ გაითვალისწინა. თავად ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ფასის დარეგულირებას მოწოდებით არ უნდა ცდილობდეს და ამ პრობლემის მოგვარებაში კონკრეტულად უნდა ჩაერიოს. ერთ-ერთი გახლავთ სასტუმროების განთავსების გენერალური სქემა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს.
ცხელ სეზონს კურორტები დატვირთულნი ხვდებიან. ტურისტების გააქტიურების პარალელურად ტარიფები გაზარდეს სასტუმროებმაც. ეს მთავრობამ სეზონის დაწყებამდე იგრძნო და კერძო სექტორს მოუწოდა, რომ ფასი არ გაეზარდა.
"2015 წელს ტურიზმმა "დააგენერირა" 1 მლრდ 935 მლნ დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია. მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან იფრთხილონ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სასტუმროებს ფასის შენარჩუნების თხოვნით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც. "იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი გრძელვადიანი პროექტია, ჩვენ აქცენტი მხოლოდ ამ სეზონზე არ უნდა გავაკეთოთ. თურქეთთან და რუსეთთან გამოვლენილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ჭრილში უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ. ეს არის რეალური შანსი, რომ მსოფლიო ბაზარზე ადეკვატურ ტურისტულ მიმართულებად დავმკვიდრდეთ.
რაც შეეხება სასტუმროებს, რადიკალური ცვლილებები ფასში არ არის მოსალოდნელი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ წლევანდელ სეზონზე ამოიღოს ის დაბანდებული ფული, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის მიერაა ჩადებული სასტუმრო ბიზნესში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს წლევანდელი სეზონის ხარჯზე არ მოხდეს. ვიყოთ მოთმინებით აღსავსე და გპირდებით, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო მეტის მომცემი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა მაია სიდამონიძემ ამ მოწოდების შემდეგ, კერძო სექტორის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოწოდება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა არაფრად ჩააგდეს. მას იმედი აქვს, რომ ბიზნესი მომავალში უფრო შორს გაიხედავს და მიხვდება, რომ ერთჯერადი მოგება არ არის უკეთესი, ვიდრე მრავალჯერადი.